უკრაინელმა ჰაკერებმა სურკოვის ოფისიდან მოპოვებული წერილები გამოაქვეყნეს, სადაც აფხაზეთზეც არის საუბარი

ჰაკერული დაჯგუფება “კიბერალიანსის” წევრებმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩევლის შესახებ მორიგი მასალები გაასაჯაროეს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მიმოწერა, რომელიც მათ ხელში ჩაიგდეს, სწორედ ვლადისლავ სურკოვს ეკუთვნის და ის 2014-2016 წლებს მოიცავს. ელექტრონული მისამართი – pochta_mg@mail.ru ივან ივანოვის სახელით იყო დარეგისტრირებული.
აღნიშნულ მისამართზე ჰაკერებმა ის წერილები აღმოაჩინეს, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, ასევე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებზე.
დოკუმენტებში საუბარია, თუ როგორ ცდილობს კრემლი აფხაზეთში პოლიტიკოსებზე გავლენის მოხდენას.
ერთ-ერთი წერილი მოიცავს ანგარიშს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების – ხაჯიმბას, ქიშმარიასა და ძიაპშბას მიერ 2014 წლის კამპანიის დროს “საზოგადოებრივი შეთანხმების” ხელმოწერასთან დაკავშირებით. ანგარიშის უცნობი ავტორი შეშფოთებულია პრეზიდენტობის ე.წ. კანდიდატების შეთანხმების ორი პუნქტით, რომლებიც ე.წ. არჩევნების შემდეგ აფხაზეთის სუვერენიტეტის შემლახავი საერთაშორისო შეთანხმებების მიუღებლობას და აფხაზეთში უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენაზე მორატორიუმის დაწესებას ეხება. ანგარიშის ავტორი წერილში რაულ ხაჯიმბასთან დიალოგს აღწერს, რომელსაც შეთანხმების ტექსტში რუსეთისთვის “საკვანძო მომენტების” შენარჩუნება კატეგორიულად მოსთხოვეს.
ამასთან, წერილებში საუბარია უკრაინაში ოდესიდან ხარკოვამდე ავტონომიის შექმნაზე. ასევე, დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საწვავის, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს შვილობილი კომპანიის მეშვეობით მიწოდების შესახებ. ჰაკერების მიერ მოპოვებულ მასალებში იყო მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტის მრჩეველი დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მუსიკალურ ფესტივალს და ფილმის” “მოხალისეების” სცენარს განიხილავდა.
შეგახსენებთ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოროტმოქმედებმა სურკოვის ელექტრონული ფოსტიდან მიმოწერა მოიპოვეს, თუმცა საუბარი იყო 2013-2014 წლებზე. მომხდარის შემდეგ, კომენტარის გაკეთება სურკოვსაც სთხოვეს, თუმცა მის უწყებაში მომხდარი არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები