შალვა ხუციშვილი ზვარეს ინციდენტზე – ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ფიზიკური დაპირისპირება

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება შესაძლოა კიდევ ერთხელ გადაკვალიფიცირდეს.
როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდეს.
„დაკავებულია რამდენიმე პირი ამ საქმეზე. თუ არ ვცდები, ჩინეთის მოქალაქეები. თავდაპირველად გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო, მაგრამ შემდეგში მოხდა გადაკვალიფიცირება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით, თუმცა იმის გამო, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები კიდევ უნდა განხორციელდეს, შეიძლება რაღაც კიდევ შეიცვალოს.
ამ ეტაპზე, მთავარია, რომ კონკრეტული პირები არიან დაკავებულები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რაც ჩვენს კომპეტენციაშია, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის ფიზიკური დაპირისპირება“, – განაცხადა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ზვარეში გუშინ, ჩინური კომპანიის თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტში მოგვიანებით, ადგილობრივებიც ჩაერთვნენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გუშინ, ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. კომპანიაში დასაქმებულები ადგილობრივებთან ერთად სოფელ ზვარედან ჩინური კომპანიის გაძევების მოთხოვნით საპროტესტო აქციას ამ წუთებში მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები