ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

“იყო კითხვები 6 მილიონთან დაკავშირებითაც, სრულიად არაკორექტულია ამ შეკითხვების დასმა, ვინაიდან გამოძიება ეხება ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას”, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ შს სამინისტროში გამოკითხვის შემდეგ.
როგორც ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები მამუკა ახვლედიანთან საუბრის ჩანაწერს ეხებოდა.
„ვისაუბრე ყველაფერზე, რაც ჩემთვის ცნობილი იყო, გარდა იმ გარემოებებისა, რა ვითარებაშიც მოხდა ჩვენი შეხვედრა. იყო დეტალები, რაზეც არ ვისაუბრე, რადგან კანონი მაძლევს ამის საშუალებას. იყო კითხვები 6 მილიონთან დაკავშირებითაც, სრულიად არაკორექტულია ამ შეკითხვების დასმა, ვინაიდან გამოძიება ეხება ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებას. მისი შინაარსი არ უნდა იყოს საინტერესო გამოძიებისთვის, მიუხედავად ამისა, დავაკონკრეტე, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ეხებოდა ბატონ ახვლედიანს. საუბარი, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში, არის ჩემი ჩაწერილი, არის ნამდვილად ჩემი ხმა, არის დამონტაჟებული იმგვარად, რომ ჩრდილი მიაყენოს ბატონ ახვლედიანს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისივე ინფორმაციით, ახვლედიანისთვის არავითარი ქრთამის შეთავაზებაზე საუბარი არ ყოფილა.
“რატომ უნდა შემეთავაზებინა ახვლედიანისთვის ქრთამი, ის „რუსთავის 2”-ის საკითხზე გადაწყვეტილებას არ იღებდა“, – განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.
„შეუძლებელია ერთი ხელით ჩანაწერებს აკეთებდეს მეორე ხელით იძიებდეს. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი შიგნიდანაც იყო გამოტანილი. სუს-ის აგენტურამ ჩემს კაბინეტში მოსასმენი აპარატურა ადრე უკვე დაამონტაჟა და ეს ხალხი ისევ სუს-შია დასაქმებული. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი ჩემსავე თანამშრომელს გამოეტანა, ყოველ შემთხვევაში, შესაძლებლობა ამისი მაღალია”, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები