სამგორში 220 სხვადასხვა სახეობის ხე – მცენარე დაირგო (ფოტოკოლაჟი)

სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე, 220 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე – მცენარე დაირგო.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ხეები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელთან,  გიორგი ბაგრატიონთან ერთად დარგო.
საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ჯავახეთის ქუჩაზე, მე-4 მ/რ-ში 150 ძირი კვიპაროსი, 50 ძირი მთის ნეკერჩხალი და 20 ძირი აკაცია დაირგო. ხეების სიმაღლე 3-5 მეტრია. კონტრაქტორი კომპანიები – „მწვანე სახლი“ და „მაგნოლია“, – ხე-მცენარეების მოვლა – პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ.
„დღეს, სამგორის რაიონში, ოლიმპიური დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამწვანების აქცია მიმდინარეობს. ხეებს აქ შიდა კვარტალური რგვების ფარგლებში ვრგავთ. ღონისძიებები, მთელი ქალაქის მასშტაბით რამდენიმე დღე გაგრძელდება და შიდა კვარტალურ ტერიტორიებსა და თარგებს სრულად გავამწვანებთ. აღნიშნული აქტივობები დედაქალაქში მიმდინარე საშემოდგომო რგვების ნაწილია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე – მცენარე დაირგვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები