„ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრში ახალ სეზონს იწყებს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით “ცოცხალი წიგნები”, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალ სეზონს იწყებს.
31 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის “ცოცხალი წიგნები” ფარგლებში, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტ გიორგი არაბულს დაეთმო.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 1 თებერვლიდან, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს მასპინძლობს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით აცნობენ.
ცნობისათვის: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი “ცოცხალი წიგნები” 2015 წლის 14 აპრილს, “დედაენის დღეს” დაიწყო.
პროექტი, რომელშიც 75 მწერალია ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო, – ამჟამად, “ცოცხალი წიგნები” შეხვედრებს მართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში.
მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით, მონო – სპექტაკლის სახით გაეცნობა. პროექტის “ცოცხალი წიგნები” მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი “მწერლის დღიურები” გამოიცემა.
პროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პროექტის კურატორი – მარიამ წიკლაური.
2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი “ცოცხალი წიგნები” საზოგოდოებრივი მაუწყებლის ჯილდოს “წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში” მფლობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები