ლევან სონღულაშვილის მორიგი წარმატება: ბრუკლინის მუზეუმი ახალი პროექტისთვის ემზადება

ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილი, „სოთბის“ აუქციონის შემდეგ, ისევ მსოფლიოს ყურადღების ორბიტაზეა. მას შემდეგ, რაც Take Home a Nude გამოფენა-აუქციონზე 25 წლის ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი „მონაზონი“ ამერიკელმა კოლექციონერმა შეიძინა, უკვე მომდევნო გამოფენის შესახებ გახდა ცნობილი.
ლევან სონღულაშვილის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ქართველი ხელოვანი იმ 22 მხატვარს შორის მოხვდა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამერიკელი როკვარსკვლავის, იგი პოპის არტისტულ აქციაში. იგი პოპი ერთდროულად 22 მხატვრის შიშველი ნატურა გახდა. ლევან სონღულაშვილმა 4 ნამუშევარი – 2 ჩანახატი, ესკიზი და ნახატი შექმნა.
გამოფენის ორგანიზატორები ბრიტანელი კონცეპტუალისტი ჯერემი დელერი და ბრუკლინის მუზეუმია. Iggy Pop Life Class-ი ბრუკლინის მუზეუმში 4 ნოემბერს გაიხსნება.
გამოფენის გახსნის დღეს შედგება წიგნის – Iggy Pop Life Class წარდგინება, სადაც ლევანის და სხვა 107 ხელოვანის ნამუშევრებია შესული, ასევე – ბრუკლინის მუზეუმის კოლექციაში დაცული შედევრები.
გამოფენა 2017 წლის 26 მარტამდე გასტანს და აშშ-ს სხვა მუზეუმებშიც და გალერეებშიც იმოგზაურებს.
ლევან სონღულაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მხატვარი მესამე წელია ნიუ-იორკშია და ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში გადის სამაგისტრო კურსს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები