თინათინ ბოკუჩავა საარჩევნო უბნებზე მოსალოდნელ დაპირისპირებაზე საუბრობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ბოკუჩავა შს სამინისტროს მიმართავს და რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობს.
როგორც ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, გორში, ქუთაისსა და რუსთავში საარჩევნო უბნებზე სპორტსმენები იკრიბებიან.
„გორში განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციაა სოფელ გარეჯვარში 50-ე უბანთან, სადაც ამ ყველაფრის კოორდინაციას ახდენს ზურაბ მურადაშვილი. ჩვენ მოვუწოდებთ შსს-ს, რომ ახლავე მიიღოს ზომები, რათა არ მოხდეს პროვოკაციები ამ უბნებთან და განსაკუთრებით დათვლის დროს არ იყოს ისეთი ტიპის პროვოკაციები, როგორიც ჩვენ ვიხილეთ 8 ოქტომბერს. ასევე მნიშვნელოვანია ოქროყანა, სადაც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი იმყოფება. ისინი იღებენ ალკოჰოლს და აშინებენ მოსახლეობას. აქაც მივმართავთ შსს-ს, რომ მიავლინონ წარმომადგენლები, რომ არ მოხდეს რაიმე ძალადობრივი ან სხვა ტიპის დაპირისპირება. ვაზისუბანში, ისევე როგორც დიღომში რამდენიმე დამკვირვებელს არ მიეცა გადაღების საშუალება. რუსთავში დაფიქსირდა მოსყიდვის ფაქტი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, არის რამდენიმე უბანი, სადაც დაფიქსირდა მარკირებიანი ადამიანების შესვლა რამდენჯერმე უბნებზე.
„ასეთი ფაქტი დაფიქსირებულია მთაწმინდაში მე-9, მე-8 და 16-ე უბნებზე, ისევე როგორც ისანში და მარნეულში, კერძოდ მე-17 უბანზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის დაშინების მცდელობები, რომელიც ხდება უშუალოდ უბნის გარეთ და აქ ძირითადად არის კრიმინალური მენტალიტეტის ან მსგავსი ტიპის ადამიანების ჩარევით ხდება ეს დაშინებები, რომ ადამიანებს არ შეეძლოთ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შსს-ს, ასეთი ტიპის ჯგუფების დაშლა უზრუნველყოს, რომ ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ უბნებზე მისვლა”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები