“ჩანდა, რომ პარტია არასწორი სტრატეგიით მიდიოდა” – რატომ დატოვა “რესპუბლიკელები“ პაატა ზაქარეიშვილმა

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მის მიერ “რესპუბლიკური პარტიის” დატოვების გადაწყვეტილების მიზეზებზე “კვირასთან“ კომენტარს აკეთებს.
როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, პარტია არასწორი სტრატეგიით მიდიოდა და ამის შესახებ ის უკვე ყოფილ თანაგუნდელებს აფრთხილებდა, თუმცა უმცირესობაში აღმოჩნდა.
„აშკარად ჩანდა, რომ პარტია არასწორი სტრატეგიით მიდიოდა და აუცილებლად განიცდიდა მარცხს. როდესაც მე და ჩემი თანამოაზრეები, იგივე თენგიზ შერგელაშვილი ამაზე ვსაუბრობდით, ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდით. ეს ნორმალურია. პარტიაში ხდება კამათი. არ მინდოდა, რომ ჩემს ხმაურს პარტიისთვის ზიანი მიეყენებინა. გავჩუმდი, დავუთმე ადგილი ასპარეზზე უმრავლესობას, მაგრამ სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი შეფასება მათი სტრატეგიისა იყო სწორი – დამარცხდა პარტია. უმრავლესობა როცა იმარჯვებს ან მარცხდება მათ უნდა გააკეთონ ანალიზი. მივხვდი, რომ ჩემი პარტიული ცხოვრება ამოიწურა. რისი გაკეთებაც შემეძლო გავაკეთე. წასვლის შესახებ განცხადება 11 იქტომბერს დავწერე. არავისზე გაბრაზებული არ ვარ, ისევ ჩემი მეგობრები არიან“, – განუცხადა “კვირას“ პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ “რესპუბლიკური პარტია“ დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმაც დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები