პრემიერი: საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის საწინააღმდეგო არაფერი გამაჩნია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგის გამართვა აუცილებელია. როგორც პრემიერმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, კონსულტაციებით გადაწყდება,  უნდა ყავდეს თუ არა რეგიონებს წარმომადგენელი.
”მაჟორიტარული სისტემის გაუქმების აქტივიზირება მოხდა რამდენიმე თვით ადრე არჩევნებამდე. ეს დრო არ იყო საკმარისი სისტემის გადასაწყობად. ჩვენ დავიწყებთ დიალოგს ამაზე. ეს არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი. ეს არის ქვეყნის გადასაწყვეტი, უნდა ყავდეს თუ არა რეგიონებს წარმომადგენელი. იქნება თუ არა მაჟორიტარული ოლქები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, პირადად ის არ არის წინააღმდეგი სისტემის ცვლილების, ვინაიდან ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის, რომ არჩევნების შემდეგ მის არალეგიტიმურობაზე საუბრობენ.
”ჩემი პოზიცია არის, რომ ისეთი საარჩევნო სისტემა გვქონდეს, რომელიც ყველანაირ შეკითხვას გამორიცხავს. შეიძლება ეს იყოს თავად ხმის მიცემის პროცედურები, ადმინისტრაციის მოწყობა, მოქმედების პრინციპები და ა.შ. ეს ყველაფერი გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. ცვლილებები არის გასატარებელი. ჩემი აზრით, არანაირი წინააღმდეგობა იმისა, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა იყოს, პროპორციულთან მიახლოებული, როგორიც არის გერმანიაში, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი გამაჩნია”, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება უკვე განხილულ პროექტს, რომელიც სავარაუდოდ 2020 წლისთვის უნდა შესულიყო ძალაში და რომელიც არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს განხილვა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები