მანანა კობახიძე: ეს დავით უსუფაშვილის არჩევანია, ალბათ ასე ჩათვალა საჭიროდ

„შიდა პარტიულ თემებზე ისინი ჩვენთან არ საუბრობენ“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დავით უსუფაშვილის მიერ „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების საკითხს.
როგორც კობახიძემ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილება მისივე არჩევანია.
„როგორც ჩანს, დავით უსუფაშვილი პოლიტიკიდან არ მიდის, როგორც მან განაცხადა, მან „რესპუბლიკურ პარტია“ დატოვა. დანარჩენი, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია, სად ან როგორ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. ისინი შიდა პარტიულ თემებზე ჩვენთან არ საუბრობენ. რაც ბატონმა დავითმა აღნიშნა, როგორც ჩანს, ეს არის მიზეზი, პარტიის დატოვებისა. ეს, რა თქმა უნდა, მათი შიდა პარტიული საკითხი იყო, რომლის შეფასებისგან თავს შევიკავებ. თუ მან ასე გადაწყვიტა, ალბათ ასე ჩათვალა საჭიროდ. ბატონი დავითი თავად გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
მანანა კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში დავით უსუფაშვილისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების პოლიტიკური გზები გადაიკვეთოს.
„ვერაფერს გეტყვით. ან რა ვივარაუდო, ვის რა პოლიტიკური გეგმა აქვს სამომავლოდ? ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაფერია მოსალოდნელი, ადამიანები იშლებიან, შეიძლება შემდეგ მათი პოლიტიკური გზა გადაიკვეთოს“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ „კვირასთან“ საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი გია ცაგარეიშვილი კატეგორიულად უარყოფს მომავალში დავით უსუფაშვილთან პოლიტიკურ საქმიანობას.
„კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ მეც და ჩემი მეგობრები, რომლებმაც პარტია დავტოვეთ, დავით უსუფაშვილთან პოლიტიკური საქმიანობა გავაგრძელოთ. კონსულტაციებსაც კი გამოვრიცხავ“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, თუმცა პოლიტიკაში რჩება. მისი თქმით, იგი პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიციაში გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები