მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიას ეროვნული დღე მიულოცა

საქართველოში ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით ავსტრიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ავსტრიასა და ავსტრიელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ავსტრია-საქართველოს მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, რამაც ბოლო წლების განმალობაში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა.
„ბოლო ოცდახუთი წელია საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებობს მეგობრული და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ეკონომიკის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნა, რაც ჩვენი დიდი ხნის სურვილი იყო. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება ავსტრიის მთავრობის მიმართ, იმისათვის რომ საქართველოში დიპლომატიური მისიის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
 საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ავსტრიის მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 ავსტრიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები