დაკეტილი კარი და საჩუქრის ნაცვლად ფასდაკლების ვაუჩერი – „ტექნობუმის“ SMS აქცია

მაღაზიათა ქსელ „ტექნობუმის“ ფილიალებთან დღეს დილიდან რიგი დგას. მიზეზი ტექნიკის მაღაზიის აქციაა, რომლის მიხედვითაც „ტექნობუმის“ ერთგული SMS მომხმარებელი შენაძენის გარეშე საჩუქარს იღებს“. 14800822_10154081930974779_1690255643_n
ერთგულ მომხმარებელს დღეს დილიდან მაღაზიის დაკეტილ კართან მოუწია დგომა. როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა განუცხადა, ბათუმის ფილიალთან დილის 11:00 საათზე მივიდა, თუმცა დაკეტილი დახვდა. რიგში ასობით ადამიანი იდგა და პასუხს არავინ სცემდა.
„გუშინ მივიღე მესიჯი „ტექნობუმისგან“, სადაც ეწერა, რომ ხვალ მაღაზიაში თუ მოვიდოდი, შენაძენის გარეშე დამასაჩუქრებდნენ. მოვედი და კარი დაკეტილია, ასობით ადამიანი ვდგავართ რიგში და არ გვიშვებენ. უამრავი საქმე მქონდა და დილით აქ გამოვეშურე საჩუქარზე. საჩუქარი კი არა, მაღაზიაში არ გვიშვებენ“, – ამბობს თეონა რამაზაშვილი.
„კვირა“ მეორე მომხმარებელსაც ესაუბრა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ფილიალში მივიდა საჩუქრის მისაღებად. ანი სიხარულიძე ამბობს, რომ მან საჩუქრის ნაცვლად ფასდაკლების ბარათი მოიგო. სიხარულიძე კომპანიას მის მოტყუებაში ადანაშაულებს.
„ასეთი რამ დაუშვებელია! მესიჯში ნათლად ეწერა, რომ მივიღებდით საჩუქარს. საჩუქრის ნაცვლად რაღაც ფასდაკლება მივიღე, ჩემთან ერთად ვინც იდგა, ყველამ ფასდაკლება მიიღო, არავისთვის საჩუქარი არ გადაუციათ. ეს არის საზოგადოების მოტყუება და შეცდომაში შეყვანა! ამდენი ხალხი დილიდან რიგში იმიტომ ვიდექით, რომ ფასდაკლება მიგვეღო? ფასდაკლება ყოველ კვირას აქვს მაღაზიებს. ეს რომ გვცოდნოდა, აქ არავინ მოვიდოდით. ეს პიარაქცია კი არა, ტყუილის აქციაა“, – ამბობს სიხარულიძე.
„კვირა“ „ტექნობუმის“ მარკეტინგის მენეჯერს ეთერ ქოქოლაძესაც ესაუბრა, რომელმაც კარის დაკეტვის მიზეზად ხალხის დიდი ნაკადი დაასახელა. მანვე საჩუქრის მოგების წესები განმარტა.
„ტექნობუმს“ ერთგული მომხმარებლისთვის აქცია აქვს. ჩვენთან მოსული მომხმარებელი წარადგენს სმს-ს რომელიც ჩვენი კომპანიისგან მიუვიდათ, შემდეგ ლოტოტრონიდან სასაჩუქრე ბარათს ამოიღებს, სადაც წერია, თუ რისი მფლობელი გახდა იგი. საჩუქრების მრავალფეროვნება გვაქვს. ზოგმა ფასდაკლების ბართი მოიგო, ზოგმა კი სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ტექნიკა გათამაშებაში ცოტაა, ძირითადად ფასდაკლების ბარათებს იგებენ. რაც შეეხება, კარის დაკეტვას, ხალხის ძალიან დიდი ნაკადი მოგვაწყდა და ვერ ვუმკლავდებოდით. ნელ-ნელა ვუშვებდით შიგნით“, – განაცხადა ეთერ ქოქოლაძემ.
პიარის სპეციალისტები კომპანიის მხრიდან რეკლამის ასეთ ფორმას გამართლებულად აფასებენ და ამბობენ, რომ მომხმარებელი მათ ვერაფერზე შეედავება. როგორც გიორგი კალატოზიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, კომპანიას პოტენციური მომხმარებლები ადგილამდე ამ ფორმით მიჰყავს.14804944_10154081931609779_1184841789_n
„როდესაც გთავაზობენ საჩუქარს და საჩუქარი დაკონკრეტებული არ არის, ამ შემთხვევაში იურიდიულადაც კი ვერ მიედავებით. თუ საერთოდ არაფრით ისტუმრებენ, ამ შემთხვევაშიც შეიძლება გამოძვრნენ ვითარებიდან და თქვან, რომ ეს იყო შეზღუდული რაოდენობით და გათავდა. კომპანიას პოტენციური მომხმარებელი ადგილზე ამ ფორმით მიჰყავს. ხშირ შემთხვევაში რაღაცაზე მაინც გაურბის თვალი და რაღაცას მაინც ყიდულობს. თაღლითობის არანაირი საფუძველი არ არსებობს. კომპანია აცხადებს აქციას და რეალურად ხდება მომხმარებლის დასაჩუქრება ლოტოტრონის პრინციპით. ანუ დაპირება ყალბი არ არის. სმს-ის წაკითხვის შემდეგ ადამიანის წარმოდგენა, რომ მას რაიმე ღირებულს აჩუქებენ და ეს წარმოდგენა უცრუვდება, ეს სუბიექტური აღქმაა და კომპანია ამ შემთხვევაში მატყუარა არ გამოდის“, – განაცხადა კალატოზიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები