თბილისში დათვს ამ დრომდე ეძებენ

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე დათვს ამ დრომდე ეძებენ. როგორც „კვირას“ მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, თემურ ფხალაძემ განუცხადა, სამსახურის თანამშრომლები პატრულირებას მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
„მთელი ღამის განმავლობაში ვათვალიერებდით პერიმეტრს, რომ გამოვრიცხოთ რაიმე საშიშროება. ახლაც ჩვენი თანამშრომლები ტერიტორიას ათვალიერებენ. ორმა ადამიანმა თქვა, რომ შენიშნეს მცირე ზომის დათვი, შესაძლოა აერიათ, მაგრამ თავი უნდა დავიზღვიოთ. დათვის ბელი ადამიანს თავს არ დაესხმება, მაგრამ მაინც ნადირია და სიფრთხილეს თავი არ სტკივა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არაფერია. გადავამოწმეთ და გარეული ცხოველი არც ზოოპარკს და არც ცირკს არ ეკუთვნის, სავარაუდოდ, იგი რომელიმე ბინადარს გაექცა, თუმცა ამის შესახებ განცხადებას რა თქმა უნდა, არ გააკეთებს. გარეული ცხოველის დატყვევება კანონით ისჯება. ჩვენ ყველანაიარად ვცდილობთ, რომ მის კვალს მივაგნოთ“,-განაცხადა თემურ ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ იყალთოს ქუჩაზე გარეული ცხოველი გვიან ღამით ორმა ადგილობრივმა შენიშნა და 112-ში დარეკა. სწორედ აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ადგილზე მალევე გამოცხადდა და მისი თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო ღონისძიებებს ატარებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები