ზაქარია ქუცნაშვილი: შატილს 24-საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგება

შატილს 24 საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგება, – ამის შესახებ დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბაზალეთის დევნილთა დასახლების დეპუტატობის კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში, მწყობრიდან გამოვიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის ელექტრომომარაგებისათვის განკუთვნილი სტალინის დროინდელი მცირე ჰესი, რამაც ადგილობრივი მოსახლეების, საჯარო სკოლის, ადმინისტრაციული შენობისა და ისტორიული კოშკებისათვის ელექტრომომარაგების შეწყვეტა გამოიწვია.
​შექმნილი მდგომარეობის აღმოსაფხვრელად დეპუტატობის კანდიდატმა, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აქტიური დახმარებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებების კოორდინირებით, შემდეგი ქმედებები განახორციელა:
“დაუყოვნებლივ საქმის კურსში ჩააყენა ქვეყნის ხელმძღვანელობა; 2. პირველსავე კვირას ადგილზე მიავლინა სპეციალისტები, რომელთა მიერ დასკვნითი ჰიდროაგრეგატი ფაქტობრივად თავიდან არის ასაწყობი; 3. მოახდენინა აგრეგატის დემონტაჟი და მისი ტრანსპორტირება ქ. ქუთაისში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად; მოგეხსენებათ, საქართველო არ არის ჰიდროაგრეგატების მწარმოებელი ქვეყანა და ამიტომ ჩვენ გვიწევს იმპორტირებული ნაწილებით ახალი აგრეგატის აწყობა. სამუშაოები მიმდინარეობს 2 ცვლად და სავარაუდოდ, 3 თვის ნაცვლად, 1 თვეში დასრულდება მისი აწყობა, რის შემდეგაც მოხდება ტრანსპორტირებისა და ადგილზე მონტაჟის სამუშაოების დასრულება; 4. თუ დიდი თოვლის გამო ჩაიკეტება დათვის ჯვრის საავტომობილო უღელტეხილი მისი ტრანსპორტირება მესაზღვრეთა ვერტმფრენით მოხდება; 5. 12 ოქტომბერს შატილში ჩაატანინა დენის მძლავრი გენერატორი და საწვავი, რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება; 6. დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის შატილის ფილიალს მიეწოდა საშეშე მერქანი; 7. უახლოესი დღეების განმავლობაში, შატილის მოსახლეობას დამატებით მიეწოდება 25 მ3 საშეშე მერქანი“,- წერია ქუცნაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სოფელ მუცოს მოსახლეობის ელექტრომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება, ხოლო 10-23 ნოემბრის პერიოდში, შატილს სრული 24-საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები