ანი მიროტაძე: როგორ შეიძლება, მხარი „ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირო?!

როგორ შეიძლება, მხარი „ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირო“,-ამის შესახებ განცხადება „ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი მიროტაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას გააკეთა.
მისი თქმით, „ეროვნულმა ფორუმმა” არჩევნები დაასრულა და მეორე ტური მათთვის მნიშვნელოვანი არ არის.
„ეროვნულმა ფორუმმა” არჩევნები დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი არჩევნებისთვის, ახალი პოლიტიკური პროცესისთვის ვემზადებით და ეს მეორე ტური ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის.
აქედან გამომდინარე, ჩვენს ამომრჩეველზე არანაირ ზეწოლას არ მოვახდენთ. ანუ, არცერთი ძალის სასარგებლოდ არ მოვუწოდებთ. თუ ჩვენი ამომრჩევლები არჩევნებზე წავლენ, ისინი არჩევანში თავისუფალნი იქნებიან. განცხადება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შიშით მხარი აუცილებლად „ნაციონალურ მოძრაობას” უნდა დავუჭიროთ, აბსურდია. როგორ შეიძლება, მხარი „ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირო?! ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენ სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით და ჩემთვის არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა მიროტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საჭიროა კლასიკური ევროპული პარტიის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს პარლამენტს გარეთ არსებული რესურსის თავმოყრას და პოლიტიკურ პროცესს უფრო ჯანსაღს გახდის.
„ძალიან ბევრი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ლიდერი პარლამენტს გარეთ დარჩა.ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებენ და ჩვენ მათ კლასიკური ევროპული პარტიის შექმნა შევთავაზეთ, რაც არჩევნებამდე არ გავაკეთეთ და,რაც ჩვენი შეცდომა იყო. ასეთი პარტია არა მარტო პარლამენტს გარეთ არსებული რესურსის თავმოყრას შეუწყობს ხელს, არამედ ზოგადად, პოლიტიკურ პროცესს უფრო ჯანსაღს გახდის”, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები