თეა წულუკიანი: ნუ მოვუსმენთ უსაფუძვლო პანიკის მცდელობებს, თითქოს არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაღალი ხარისხით წარმატება საშიშია
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან მეორე ტურის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. წულუკიანი თვლის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მნიშვნელოვანია მმართველი გუნდისთვის, რათა, როგორც თავად აღნიშნავს, ხელი შეეწყოს ისეთი კანონების მიღებას, რაც მმართველი გუნდისთვის პრიორიტეტულია.
წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა აგრეთვე ორგანულ კანონებზე და ქართველ ამომრჩეველს მიმართა.
„მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს, რომ მეორე ტური არის გადამწყვეტი, რათა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ჰქონდეს კომფორტული უმრავლესობა, თუ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს არ ექნებათ წარმატება, ასეთ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ვერ ექნება ის უპირატესობა, რაც მას მისთვის სასურველ მთავრობას დაამტკიცებინებს. ნუ მოვუსმენთ უსაფუძვლო პანიკის მცდელობებს, თითქოს საშიშია „ქართული ოცნების“ მაღალი ხარისხით წარმატება. ყველა უნდა მივიდეს არჩევნების მეორე ტურზე, რადგან მეორე მხარეს “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი ბოლომდე მობილიზებული იქნება. ჩვენც შესაბამის ოლქებში უნდა ვიყოთ ბოლომდე მობილიზებული, რათა საბოლოო წარმატება დადგეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.