სოხუმში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი
სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, რაულ ხაჯიმბას განკარგულების საფუძველზე, სოხუმში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი და საჯარო თავშეყრის ადგილები გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი.
დაცვის გაძლიერება, სოხუმში, დღეს დილით მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ხაჯიმბას დავალებით, ე.წ. ძალოვანმა უწყებებმა უნდა ჩაატარონ „ყველა საჭირო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება“ შემთხვევის დეტალების დასადგენად.
დილის საათებში, ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან, უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის, ასლან კობახიას ცნობით, ადგილზე ნაპოვნია თვითნაკეთი ბომბის კომპონენტები. დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, კობახია ვარაუდობს, რომ მას თანამზრახველები ჰყავდა. ინფორმაცია დღეს დილით ადგილობრივმა მედიამ და ოსურმა საინფორმაციო საშუალებებმაც გაავრცელეს.
ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრემ 200 გრამი ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა.