ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, რომ მისი წარმომადგენლები საარჩევნო კომისიებში გაყალბებაში მონაწილეობდნენ
„გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მისი პარტიიდან საარჩევნო კომისიებში მყოფი ადამიანების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო გაყალბებაში.
ბურჯანაძე არჩევნების მეორე ტურში მის მიერ დასახელებული პირების კომისიიდან მოხსნას შეეცდება.
“ვაწარმოებთ მოკვლევას, თუ როგორ მოხვდა დარღვევით შედგენილ ოქმებში ჩვენი კომისიის წევრების ხელმოწერა. ვისზეც დადასტურებული გვაქვს, რომ ეს ადამიანები გაყიდულები არიან, ბუნებრივია, ვეცდებით, რომ აღარ მიიღონ მეორე ტურის არჩევნებში მონაწილეობა,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის პარტიასთან ერთად, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ დარღვევით შედგენილ ოქმებში მათი პოლიტიკური პარტიის წევრების ხელმოწერაც იყო. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ კომისიის წევრებმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს.