ნინო ბურჯანაძე: არჩევნების მეორე ტურს ვემიჯნები
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იგი არჩევნების მეორე ტურს ემიჯნება.
როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ამომრჩეველს მხოლოდ ორს შორის გაეკეთებინა არჩევანი.
“ზუსტად იმიტომ გადაარჩინა „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილმა,ზუსტად იმიტომ იყო გართული კოჰაბიტაციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ დასმულიყო კითხვა და ადამიანები აღმოჩენილიყვნენ ასეთი არჩევანის წინაშე – “ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“. არც ერთი და არც მეორე, როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებდით მქონდა ასეთი სლოგანი, არც „ქართული ოცნება“, არც „ნაციონალური მოძრაობა“ შემოხაზეთ მესამე-მეთქი. მესამე რომ შემოხაზულიყო, რა თქმა უნდა, ჩვენ უმრავლესობით ვერ მოვიდოდით, მაგრამ დღეს ქვეყანა არ იქნებოდა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების საფრთხის წინაშე. დღესაც ვამბობ, არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.
ამასთანავე, ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეს და მის ამომრჩეველს მეორე ტურში საკუთარი არჩევანის დაუფიქსირებლობისაკენ მოუწოდოს.