ეკა ბესელია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციები უკრაინას ეხება
ყველას ვურჩევ დემაგოგიური და იაფფასიანი განცხადებები არ აკეთოს, ხოლო თუ აკეთებს ამაზე ჩვენ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ბესელიამ განმარტა, ეს არ იყო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ეს იყო ტექსტი უკრაინასთან დაკავშირებით.
„კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც მე პირადად ვესწრებოდი, ყველა შესწორებას მხარი დავუჭირე. მხარი მთლიან რეზოლუციასაც დავუჭირე. სესიაზე მე კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვიღებ. უკრაინელი კოლეგების მხრიდან არც დელეგაციასთან ყოფილა რაიმე თხოვნა ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
იმ პერიოდში ვხვდებოდით შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენლებს, ბატონ ლომბარდის, რომელიც ასევე არ მონაწილეობდა კენჭისყრაში. ასევე კენჭისყრაში მონაწილეობა არ აქვს მიღებული საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ბატონ აგრამუნტს, რომელიც “ევროპის სახალხო პარტიის“ ლიდერია. რეზოლუცია ეხება უკრაინას და არა საქართველოს – უკრაინის ტერიტორიციაზე აგრესიასა და ადამიანის უფლებების დარღვევას, ეს არ არის რეზოლუცია საქართველოზე, უკრაინის ტერიტორიაზეა და ჩვენ უკვე უკრაინის ტერიტორია გავხდით?! თუ საქართველო უკრაინის ტერიტორია გახდა, მაშინ მითხარით! სახელწოდებას ხომ უნდა მივაქციოთ ყურადღება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა მოამზადა საინფორმაციო ნოტა რუსეთში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული მოსკოვის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები დოკუმენტში არ ფიგურირებს.
რაც შეეხება უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციებს, 2014 წლის შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხუთი რეზოლუცია მიიღო. პირველ რეზოლუციებში საქართველოს კონფლიქტის საკითხი ფიგურირებდა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ რეკომენდაციებში ჩადებული ვალდებულებები. 2015 წლის რეზოლუციაში საქართველოზე მხოლოდ მინიშნება იყო წინა რეზოლუციაზე მითითებით. მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე მიღებულ ორ რეზოლუციაში კი საქართველოს საკითხი არ ფიგურირებს.