ანი მიროტაძე: „ეროვნული ფორუმი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს თანამშრომლობას
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანი მიროტაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებდა. მისივე თქმით, „ეროვნული ფორუმი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდა თანამშრომლობას, არ აპირებს ახლა და არც მომავალში.
„არა მხოლოდ არ მიმდინარეობდა, არამედ საერთოდ არ დასმულა ეს საკითხი, რომც დასმულიყო, „ეროვნული ფორუმი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდა თანამშრომლობას, არ აპირებს ახლა და არც მომავალში. მსგავსი წინადადების განხილვა არასდროს გვქონია და მსგავსი შეთანხმება ბუნებაში არ არსებობს. წარმოდგენა არ მაქვს, ბარამიძეს ამის თქმა რაში დასჭირდა, ესეც გამოჩნდება ალბათ. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის განხილვები არასდროს ყოფილა და ვერც ვერავინ გაბედავდა, „ეროვნულ ფორუმთან“ ამაზე საუბარს. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და რჩება ჩემთვის პირადად დანაშაულებრივ რეჟიმად“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.