თამარ კორძაია: იმის შიშით, რომ ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსულიყო, ხალხმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“
„რესპუბლიკური პარტია“ პატივს სცემს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე ქვეყნისთვის, – ამის შესახებ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაია მოსახლეობის არჩევანს “სამწუხაროს” უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ პატივს სცემს ამ არჩევანს.
“სამწუხაროა, რომ მოსახლეობამ არჩევანი ისევ ორ პოლიტიკურ ძალაზე შეაჩერა, ხალხმა იმის შიშით, რომ ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსულიყო, ხმა მისცა „ქართულ ოცნებას.“ მე ვერ ვილაპარაკებ ახლა ეს შეცდომა იყო თუ არა, მაგრამ პოტენციურ კონსტიტუციურ უმრავლესობაში არსებობს პოტენციური საფრთხე,“-განაცხადა თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კორძაია თვლის, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი საფუძველი არის ბალანსი და კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე პოლიტიკური ძალა ყოველთვის უშვებს შეცდომებს.
„სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოები აბალანსებენ ერთმანეთს, ასევე პარლამენტში უმრავლესობას აბალანსებს უმცირესობა, და როცა ეს ბალანსი არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოქცეულია ერთი პოლიტიკური სუბიექტის ხელში და ამ შემთხვევაში ძირითადი პრინციპი, რაც დემოკრატიისთვისაა საჭირო, ურთიერთ დაბალანსების პროცესი სახეზე არ გვექნება“, -განაცხადა თამარ კორძაიმ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.