ვინ არის ტრანსგენდერი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ? – ,,ერთმა ქვა ჩაარტყა, მეორემ ყელი გამოჭრა”

ქვით მიყენებული მოტეხილობები, ჭრილობა ყელში და მრავლობითი დაზიანებები სახეზე – ასეთია იმ ტრანსგენდერის მდგომარეობა, რომელსაც 14 სექტემბერს ღამით ორი მამაკაცი დაესხა თავს.
ცნობილია დაზარალებულის ვინაობა. ის 34 წლის ზურა შეყელაძე, იგივე ტრანსგენდერი ზიზია. ზურა შეყელაძე ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა მიერთებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევა გვიან ღამით, 12 საათისთვის ორთაჭალაში მოხდა. ტრანსგენდერ ზიზისთან ერთად, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. თავდასხმის დროს ზიზი მეგობრებისგან მოშორებით იდგა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ორი ახალგაზრდა მამაკაცი ზიზის თავს დაესხა და არა მარტო ფიზიკურად გაუსწორდა, არამედ მისი მკვლელობაც სცადა. შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. გამოძიებამ ბრალდებულების ვინაობა უკვე გაარკვია და პროცესები სამართლებრივ ჭრილში მიმდინარეობს. ზიზის უფლებებს უფლებადამცველი გიორგი ტატიშვილი იცავს. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პირველად მან გაავრცელა და ირწმუნება, რომ დანაშაული დაზარალებულის გენდერულ იდენტობას უკავშირდება. სწორედ გიორგი ტატიშვილი უმხელს „პრაიმტაიმს“ შემთხვევის დეტალებს.
„მე ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით ვაფასებ მოცემულ გარემოებას, როგორც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს. ამის საფუძველს გარკვეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მაძლევს.
შემთხვევის დროს ზიზისთან ერთად მყოფები ყვებიან, რომ ინციდენტი გენდერული იდენტობის გამო მოხდა, სრულიად მოულოდნელად. ეს ორი პიროვნება მივარდა მას, ერთმა ქვა ჩაარტყა თავში, ხოლო მეორემ ყელი გამოსჭრა. შემდგომ ქვას ურტყამდნენ სახის არეში. ყელის არეში საკმაოდ სერიოზული და მძიმე ჭრილობა აქვს. სახის არეში – მრავლობითი ტრავმები.
აღენიშნება სახის ძვლის მოტეხილობები და თავის ქალის დახურული ტრავმა, რომელმაც შემდგომში უგონო მდგომარეობა გამოიწვია და ახლა ის მართვით სუნთქვაზეა. მე ექიმებთან მაქვს ყოველწუთიერი შეხება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად ვიღებ. მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია.
ვიცი ის გარემოება, რომ პიროვნებების იდენტიფიცირება შსს-ს მიერ უკვე მომხდარია. ამოღებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები, სადაც ჩანს ინციდენტი. ორი ახალგაზრდა ბიჭია, იდენტიფიცირებულები არიან და უახლოეს დღეებში ველოდებით დაკავებას“,-განაცხადა „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიორგი ტატიშვილმა, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები