ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა (ვიდეო)

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტია დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა, – ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ალასანიამ ბრიფინგზე აღნიშნა, მან საკუთარი კანდიდატურა გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის არჩევნებიდან მოხსნა, სადაც პირველადი მონაცემებით, 19,38%-ით მეორე ადგილი უკავია, “ქართული ოცნების“ კანდიდატის იოსებ მაკარიძის შემდეგ.
„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, განსაკუთრებით გორის ამომრჩევლებს, თუმცა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა… ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ალასანიამ პარტია ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” 2009 წელს დააფუძნა. 2012 წლის დასაწყისში ის კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა, ამავე წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო.
2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მარტამდე ალასანიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობები ეკავა.
2006 წელს ირაკლი ალასანია იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში. ამ თანამდებობიდან 2008 წლის 4 დეკემბერს გადადგა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მისი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძირეულად განსხვავებული ხედვა საქართველოს შიდა და სამხედრო განვითარების, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარების საკითხში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები