დავით თევზაძე: ბრძოლას ძლიერები იგებენ, ხოლო სუსტები – გამარჯვებას იპარავენ

​საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს მშვიდობისათვის” ლიდერი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება. ის თავის ამომრჩეველს მადლობას უხდის, მხნეობისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც შემდეგ არჩევნებზე.
“მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა პოლიტიკურ გაერთიანებას “საქართველო მშვიდობისათვის”. არც ისე ცოტანი ხართ, როგორც დაგთვალეს, თუმცა ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში შევიდა და ამ გზაზე ბოლომდე ღირსებით იარა. მადლობა მინდა ვუთხრა არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს, რომლებიც კვირების მანძილზე უანგაროდ გვეხმარებოდნენ. მადლობა მინდა მინდა ვუთხრა ჩვენი პარტიის იმ რამდენიმე წევრს, რომლის თავგანწირვამდე მისული, ასევე უანგარო თავდადება რომ არა, საარჩევნო პროცესის ბოლომდე ვერც მივიდოდით. მადლობა ყველას, ვისაც სწამს, რომ გუშინ არაფერი არ დასრულებულა. გუშინ, პირიქით, ახალი რეალობის ფორმირება მოხდა. დღეს სხვა საქართველოში გავიღვიძეთ და შესაბამისად, ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით. კეთილი იყოს ყველას შემობრძანება ამ სივრცეში, სივრცეში, რომლის ფორმირება ჩვენვე მოვახერხეთ. ასე, რომ გული არ გაიტეხოთ არც ერთმა. არჩევნები საქართველოში ჩატარდა. არჩევნებს გამარჯვებული არ ჰყავს. დამარცხებული კი ქართველი ამომრჩეველი დარჩა მხოლოდ, რასაც მალე იგრძნობს, სამწუხაროდ. თმენას ვუსურვებ, ვინაიდან თმენა აძლიერებს. რაც შეგვეხება ჩვენ, არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღეთ და დღეს უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე გუშინ, ვინაიდან ბრძოლაში მიღებული გამოცდილებაც აკაჟებს. ბრძოლას ძლიერები იგებენ, ხოლო სუსტები – გამარჯვებას იპარავენ. ვინაიდან ამომრჩეველმა გამარჯვება მოაპარინა, მე სულით მხნეობისკენ მოგიწოდებთ. ბრძოლას აზრი აქვს, თუნდაც შემდეგ არჩევნებზე”,-წერს თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები