მიხეილ სააკაშვილი: მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება. როგორც სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრ ოლქში აქვს უპირატესობა.
ექსპრეზიდენტი თანაგუნდელებს მოუწოდებს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ და ყოველი ოქმი დაიცვან.
„რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ ფაშისტური ე.წ. „პატრიოტთა ალიანსი“ ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს და ამ მომენტში, დარჩენილ ორ პარტიას – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის პროპორციული სიით განსხვავება არის სულ რამდენიმე მანდატი.
მაჟორიტარულ ოლქების უმრავლესობაში შემოსული ოქმების მიხედვით ამ მომენტისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა კომისიებში უნდა ვიმუშაოთ ძალიან მაგრად, არავინ არ უნდა მიატოვოს პოსტი. უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი წინ გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ახლა თითოეული მანდატის დაცვა, იმიტომ, რომ სიტუაცია არ არის ისე, რაც თავიდან გამოჩნდა. აშკარად, ყოველწუთიერად იცვლება უკეთესობისკენ, ამიტომ ახლა საჭიროა, ხელები არავინ ჩამოუშვას, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაწყებული საქმე, ყოველი ოქმი უნდა იყოს დაცული. მე დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე წარმოგვედგინა. აბა, თქვენ იცით, მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს უპირატესობა. არავითარ შემთხვევაში არ მოეშვათ, თქვენს იმედზე ვართ“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები