შალვა ნათელაშვილი: „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთი მგლის ორი სახეობაა და მათ შორის განსხვავება არ არის

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეგზიტპოლების შედეგებს არ აღიარებს და ირწმუნება, რომ მისი პარტია პარლამენტში შესულია.
ნათელაშვილი, შედეგების გაყალბების შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავს. შალვა ნათელაშვილის განმარტებით, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მინიმუმ 15% მიიღო.
მისივე თქმით, არჩევნების გაყალბება ამ ქვეყანაში იწყებოდა ეგზიტპოლების მეშვეობით და შემდეგ კი, მიდიოდა მითითებები საარჩევნო კომისიებზე, რა სახის ოქმები უნდა დაეწერათ.
ნათელაშვილის განცხადებით, ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის ეგზიტპოლების ჩვეულებრივი ომი.
„ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს სიმღერას. დღეს ორივე სუბიექტმა შეუკვეთა საკუთარი გემოვნებისა და ხედვის ეგზიტპოლი და დაწერეს ის, რაც უნდოდათ ამ ეტაპზე. მდგომარეობა შემდეგია: პირველი: საქართველოს აღარ ჰყავს მმართველი პარტია. შესაბამისად, ულოცავს მთელს საქართველოს და მადლობას უხდის ყველას, ვინც სწორად განსაზღვრა ქვეყნის მომავალი; მეორე – ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში და ამასაც ულოცავს გმირ ხალხს; მესამე – „ლეიბორისტული პარტია“ კი შესულია პარლამენტში“.
ნათელაშვილის თქმით, „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთი მგლის ორი სახეობაა და მათ შორის განსხვავება არ არის”. „17 წლის ბრძოლის შემდეგ პირველად მივემართებით პარლამენტში და ეს მხარდაჭერა ხალხს უნდა გადავუხადოთ საქმით და არა სიტყვით და დავიცვათ ჩვენი ხმები. იყავით მტკიცედ, არ დაიხიოთ უკან. ხალხი თქვენს გვერდით არის. ვერცხლზე და ფულზე ხელი არ წაგიცდეთ”, – ამ სიტყვებით მოუწოდა ნათელაშვილმა კომისიებში მის წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები