ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ქადაგიძე, ხვალ, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“მოგმართავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების დროს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ. რამდენიმე წუთის წინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ, არჩევნების ჩაშლისა და საზოგადოებაში არეულობის გამოწვევის მიზნით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და მათთან დაახლოებულ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შემუშავებული აქვთ ორი გეგმა.
პირველი გეგმის მიხედვით დაგეგმილია, უბნებიდან ბიულეტენების გარეთ გამოტანა, ხოლო ურნაში ცარიელი კონვერტის ჩაგდება, შემდეგ უბნიდან წამოღებულ ბიულეტენებს დაყრიან ქუჩაში, რათა საზოგადოებას “დაანახონ”, რომ არჩევნები ყალბდება, ყველა დაყრილ ბიულეტენზე შემოხაზული იქნება ნომერი 41.
მეორე გეგმის მიხედვით კი, იგეგმება ცალკეული უბნებიდან წამოღებული ბიულეტენების სხვა უბნის ურნებში ჩაყრა, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ურნაში ჭარბი რაოდენობის ბიულეტენის არსებობას, რაც კონკრეტულ უბანში არჩევნების ჩაშლის და შედეგების გაუქმების მიზეზი გახდება.
ინფორმაცია სანდოა და ის მოწოდებულია “ნაციონალური მოძრაობის” შიდა სამზარეულოში კარგად ჩახედული ადამიანების მიერ”, – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები