„ჯორჯ ბუშმა გააფრთხილა სააკაშვილი“ – რას იხსენებს აშშ-ს ყოფილი ელჩი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე (ვიდეო)

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის რიჩარდ მაილსის თქმით, ის პირადად ესწრებოდა შეხვედრას, როდესაც საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ იმის გამეორება, რაც 2004 წლის აგვისტოში მოხდა, შეცდომა იქნებოდა.
როგორც მაილსი დოკუმენტურ ფილმ “მეოთხედ საუკუნე“- ში აცხადებს, 2004 წელს მიხეილ სააკაშვილის ქმედება მოულოდნელი აღმოჩნდა თავად ამერიკისთვისაც.
„იმ პერიოდში, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მე ვიყავი ელჩი. ხანდახან, ის და მისი ზოგიერთი თანაგუნდელი, მაგალითად, თავდაცვის მინისტრი და სხვებიც გამოხატავდნენ პროვოკაციულ შეხედულებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მიმართ. ეს კი უფრო მეტად აუარესებდა, ვიდრე აუმჯობესებდა სიტუაციას. ვფიქრობ, რუსებმა იგრძნეს საფრთხე, საფრთხე იგრძნეს აფხაზებმაც, რადგან მე მქონდა მათთან საუბარი. როგორც ცნობილია, სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში 2003 წლის დეკემბერში და არჩეულ იქნა პრეზიდენტად გარდამავალი პერიოდის შემდგომ – 2004-ში. ცნობილი იყო, რომ მას უნდოდა ამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, რაც გამოაშკარავდა კიდეც 2004 წლის ზაფხულში, როდესაც მზად იყო ამ მიზნით ძალა გამოეყენებინა. ჩვენ გაგვიკვირდა, როდესაც მან გაგზავნა პოლიციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ერთეულები, ისინი არ იყვნენ კარგად კოორდინირებულნი და სწრაფად დაიხიეს უკან, სანამ რუსეთს მიეცემოდა ინტერვენციის განხორციელების შესაძლებლობა. ვვარაუდობ, რომ ამ ქმედებით რუსები ისევე იყვნენ გაოცებულები, როგორც ჩვენ. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, იყო გარკვეული ზარალიც, თუმცა არა მასშტაბური ხასიათის. სამაგიეროდ ეს იყო სახიფათო სიგნალი ყველასათვის“, – აცხადებს რიჩარდ მაილსი.
აშშ-ს ყოფილი ელჩის თქმით, სააკაშვილთან შეხვედრაზე ჯორჯ ბუშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ დაუჭერდა მხარს ძალის გამოყენებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით.
რიჩარდ მაილსი ამბობს, რომ ჯორჯ ბუშმა სააკაშვილი გააფრთხილა და მკაფიოდ უთხრა, რომ თუ შეეცდებოდა კონფლიქტურ რეგიონებში ძალის გამოყენებას, რუსეთი განახორციელებდა ინტერვენციას, აშშ კი არ გამოვიდოდა დასახმარებლად. აშშ-ს ყოფილი ელჩის შეფასების, ბუშის აღნიშნულმა განცხადებამ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი დააფიქრა და სააკაშვილმა არ განახორციელა ძალის გამოყენება.
„როდესაც 2005 წლის მაისში პრეზიდენტი ბუში ჩამოვიდა საქართველოში, მან გააფრთხილა პრეზიდენტი სააკაშვილი იმის შესახებ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არ ვუჭერდით მხარს ძალის გამოყენებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით.
ჩვენ ვემხრობოდით პოლიტიკურ და დიპლომატიურ, ასევე ეკონომიკურ-კულტურულ და ყველა სხვა საშუალებას სამხედრო მოქმედებების გამოყენების გარდა. ჯორჯ ბუშმა უმცროსმა ჩემი თანდასწრებითაც მკაფიოდ უთხრა მას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერდით ყოველივე ზემოთ თქმულს, გარდა სამხედრო მოქმედებებისა. მეტიც, მან თქვა თუ შენ შეეცდები სამხედრო ძალის გამოყენებას კონფლიქტურ რეგიონებში, მაგალითად სამხრეთ ოსეთში, რუსეთი ცალსახად განახორციელებს ინტერვენციას და შეერთებული შტატები არ მოვა გადასარჩენად. პრეზიდენტმა ბუშმა მაშინ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილისადმი, ვფიქრობ, ამან პრეზიდენტი სააკაშვილი დააფიქრა და დაამუხრუჭა, რომ განმეორებით არ განეხორციელებინა ძალის გამოყენება, როგორც ეს გააკეთა უკვე 2004 წლის აგვისტოში“, – აცხადებს რიჩარდ მაილსი.
მაილსი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთი ახდენდა პროვოცირებას, თუმცა შეიჭრა საქართველო. მისი შეფასებით, ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ძალიან ცუდი სვლა.
„2005 წლის ზაფხულში მე ამომეწურა ვადა და დავტოვე თანამდებობა, მას შემდეგ სამი წლის განმავლობაში საქართველოს მხრიდან არ ყოფილა გამწვავებული ქმედება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმართ.
2008 წლის აგვისტოში გეგმა უკეთ იყო შემუშავებული, კოორდინირებული და მომზადებული, მაგრამ რუსეთი იყო ამ ქმედების მოლოდინში. დიახ, პროვოცირებას ახდენდა რუსეთი, დიახ პროვოცირებას ახდენდა სამხრეთ ოსეთიც, მაგრამ შეიჭრა საქართველო, რის შედეგადაც გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა. რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, საქართველოს შეიარაღებული ძალები იძულებულები გახდნენ დაეხიათ უკან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
იყო იმის საფრთხეც, რომ განხორციელებულიყო შეტევა თბილისზე, მაგრამ დიპლომატიური ჩარევის შედეგად რუსეთი შეჩერდა და შედგა შეთანხმება, რომლის შემდეგაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უკან დაიხიეს. განხორციელდა საზღვრების დემარკაცია, რუსეთის შეიარაღებული ძალები განლაგდნენ სამხრეთ ოსეთში, ეუთოს დამკვირვებლები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ წლების განმავლობაში, გამოაძევეს სამხრეთ ოსეთიდან, ასევე გამოძევებულ იქნა გაეროს სადამკვირვებლო მისიაც და თუ მანამდე იქ იმყოფებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 500 კაციანი სამშვიდობო მისია, ის ჩაანაცვლა სრულფასოვანმა სამხედრო ბაზამ.
ეს აშკარად არის საქართველოს მიერ უკან გადადგმული ნაბიჯი მცდელობაში, რათა აღადგინოს თავისი ისტორიული ტერიტორიული მთლიანობა, ამან რა საკვირველია, გააუარესა ურთიერთობა რუსეთთანაც, რამაც გამოიწვია ევროპელი მოკავშირეების და განსაკუთრებით ნატოს შეშფოთება. ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ძალიან ცუდი სვლა“, – აცხადებს რიჩარდ მაილსი.
მისვე თქმით, საქართველოს სჭირდებოდა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული მიმართულებით.
„მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ საქართველოს სჭირდებოდა, რომ ჰქონოდა ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან, ნორმალური იმ გაგებით, რაც გამორიცხავს პროვოკაციულ ქმედებებს – კარგი სავაჭრო ურთიერთობები, კულტურული თანაცხოვრება, საქართველოში ტურიზმის განვითარებას რუსი ტურისტების მოსაზიდად – ამას ყოველთვის ვგრძნობდი რუსეთი არის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი, არა დღევანდელ დღეს, რადგან 2008 წლის შემდეგ ეს ყველაფერი შემცირდა, მაგრამ ოდითგანვე რუსეთი იყო საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ეს ასეც არის, ასეც უნდა იყოს. ეს არის ძალიან კარგი ბაზარი საქართველოს ღვინისთვის, საქართველოს მინერალური წყლისთვის, ხილისა და ბოსტნეულისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მოშლილ იქნა სააკაშვილის რეჟიმის მიერ“, – აცხადებს რიჩარდ მაილსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები