საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაცია მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციას უმასპინძლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს.
ევროპარლამენტარებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს პრეზიდენტის პირადი ჩართულობის მნიშვნელობა წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობის გააქტიურების მიზნით. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლი არჩევნების პროცესში. შეხვედრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვისა და ქართველ ამომრჩეველთა მაქსიმალური აქტიურობის მნიშვნელობა.
საუბარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ წარმატებასაც შეეხო და აღინიშნა, რომ ეს საქართველოსთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები