“კორსტანდარტ ბანკის” თანამშრომელმა თაღლითურად ასი ათასობით დოლარი მიითვისა – პროკურატურის განცხადება

პროკურატურის თანამშრომლებმა „კორსტანდარტ ბანკის“ დიდუბის ფილიალის ყოფილი მმართველი ირაკლი ა. კრედიტის უკანონო მიღების, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ა.-ს, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, წვდომა ჰქონდა ბანკის დეპოზიტორთა მონაცემებთან.
2013 წლის 4 აპრილს მისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე მ.ჯ.-ს მიერ ამავე ბანკში დეპოზიტზე 800 000 აშშ დოლარის განთავსების შესახებ. ირაკლი ა.-მ გადაწყვიტა მ.ჯ.-ს დეპოზიტზე არსებული თანხის უზრუნველყოფით იმავე ბანკის ფილიალიდან სესხის აღება.
ამ მიზნით, დაამზადა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის გამოყენებითაც 2013 წლის 4 აპრილს მიიღო 655 000 აშშ დოლარის ოდენობის უკანონო კრედიტი.
დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ირაკლი ა.-მ ფულადი თანხები  წინარე პერიოდში აღებული სხვა კრედიტების გადასაფარად წარმართა.
ამასთან, ირაკლი ა.-მ, იმავე დეპოზიტზე განთავსებული თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქე მ.ჯ.-ს მოტყუებით მოაწერინა ხელი დოკუმენტაციაზე და 2014 წლის 4 აპრილს დაეუფლა დეპოზიტზე განთავსებულ 759 800 აშშ დოლარს. ირაკლი ა.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით (კრედიტის უკანონოდ მიღება), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თავის მხრივ, “ტერაბანკი” პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
“სს „კორ სტანდარტ ბანკის“ ყოფილი თანამშრომლის დაკავების ფაქტი უკავშირდება ტერაბანკის ინიციატივით რამდენიმე თვის წინ დაწყებულ საგამოძიებო პროცესს.
ტერაბანკმა საქართველოს მთავარ პროკურატურას 2016 წლის 17 მაისს აღნიშნული საქმის შესწავლისა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავად მიმართა, შესაბამისად, ბანკის ინტერესშია, რომ დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებამ საქმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს. ტერაბანკი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დაელოდება პროცესების დასრულებას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები