„არსებობს ვერსია, რომ ეს არის “ნაცმოძრაობის“ მოწყობილი, მხოლოდ ისე, რომ ეს გივი თარგამაძემ არ იცოდა“

“არსებობს ასეთი ვერსია, რომ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის“ მოწყობილი, მხოლოდ ისე, რომ ეს გივი თარგამაძემ არ იცოდა”, – ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისვე თქმით, კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ვერსიაა ისიც, რომ ეს შეიძლება იყოს მესამე ძალის მიერ ორგანიზებული, “ბევრი კითხვა ჩნდება. ამ კითხვებს ამ ეტაპზე შეგნებულად არ დავასახელებ, თუმცა არსებობს ასეთი ვერსია, რომ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის“ მოწყობილი, მხოლოდ ისე, რომ ეს გივი თარგამაძემ არ იცოდა. კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ვერსიაა ისიც, რომ ეს შეიძლება იყოს მესამე ძალის მიერ ორგანიზებული, რომელსაც უნდოდა, ქვეყანაში დაძაბულობა გამოეწვია და შეექმნა მძიმე ფონი არჩევნების წინა პერიოდში“, – განაცხადა არეშიძემ.
მისივე შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადება, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, თვალთმაქცობაა.
“ესეც თვალთმაქცობაა. თუ ქვეყანაში რამე ხდება – ავი, კარგი – ყველაფერი ხელისუფლების პასუხისმგებლობის სფეროა.
ხელისუფლებისთვის ამ ფაქტის დაკისრება მხოლოდ ამ თვალსაზრისით, ჩემთვის გასაგებია, მაგრამ იმის თქმა, რომ ხელისუფლების დაკვეთით შესრულდა ეს ყველაფერი, ლოგიკას მოკლებულია, რადგან არანაირი დივიდენდი, არც ერთი ქულა, ხელისუფლებას ამ ფაქტით არ მიუღია, პირიქით. შესაბამისად, ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს ამ საქმის გამოძიება. ეს საქმე სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ შესაბამისმა უწყებებმა. თუ ეს მესამე ძალის მიერაა ორგანიზებული, შეიძლება გამოძიება წლობითაც გაგრძელდეს, ხოლო თუ ეს “ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც ჯგუფის მიერ მოფიქრებული და დადგმულია, მაშინ არა მგონია, საქმის გამოძიება გაუჭირდეთ. “ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები, როგორც წესი, რასაც ისმენენ, იმას ლაპარაკობენ ხოლმე, გარეთ რომ გამოდიან“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები