დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, დრანდის იზოლატორიდან სამი პატიმარი გაიქცა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2016 წლის 1-ელ ოქტომბერს, დილის 09:50 საათზე დრანდის საგამოძიებო იზოლატორიდან სამი პატიმარი გაიქცა. მათ შორის ორი მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი.
დე ფაქტო რეჟიმის ინფორმაციით, სამივე პატიმარმა, იზოლატორის ადმინისტრაციულ კორპუსში შეაღწია, ფანჯარა ჩაამსხვრია და ეზოში ჩავიდა, საიდანაც, დაცვის წევრების ადგილზე არ ყოფნის გამო, გაქცევა მოახერხეს.
ერთ-ერთი პატიმარი დრანდის იზოლატორიდან 2015 წლის 10 დეკემბერსაც გაიქცა. ის 2014 წლიდან სხვადასხვა ბრალდებისთვის იხდიდა სასჯელს. დანარჩენი ორი კი მკვლელობის ბრალდებით იყო გასამართლებული.
მომხდარის გამო, დე ფაქტო უწყების ცნობითვე, თანამდებობიდან დაითხოვეს საგამოძიებო იზოლატორის უფროსი. მიმდინარეობს გამოძიება.