სასამართლომ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ სრულად გაიზიარა და აბრამ ზარიძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „კვირა“ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აბრამ ზარიძე განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 22:30 სთ-ზე, აბრამ ზარიძე მივიდა ქ. თბილისში უფლისციხის ქუჩაზე მცხოვრებ ზაზიაშვილების ოჯახში, სადაც მისი ყოფილი მეუღლე ლია ტატუაშვილი იმყოფებოდა და 9 წლის შვილის წაყვანა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც ყოფილი მეუღლისგან უარი მიიღო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან ლია ტატუაშვილს თავის არეში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლია ტატუაშვილი მიღებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა აბრამ ზარიძე 2016 წლის 7 თებერვალს ქ. თბილისში, ვ. დოლიძის ქუჩაზე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი აღმოაჩნდა. აბრამ ზარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11′-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აბრამ ზარიძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები