ნიუ-იორკში ქართველ ექიმს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონის ფედერალურმა სასამართლომ ქართველ ექიმს, 68 წლის მოშე მირალიშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის აკრძალული ნივთიერების – ოქსიდონის უკანონო რეალიზებაში დამნაშავედ ცნეს. აღნიშნული პრეპარატი ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეიცავს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, სასამართლომ მირალიშვილს 2 მილიონი დოლარის ანაზღაურებაც მოსთხოვა, რომელიც მან უკანონოდ გამოიმუშავა. ამ თანხის ნაწილი – 1,75 მილიონი აშშ დოლარი მირალიშვილის ბინის ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს.
პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე მირალიშვილი უკანონო რეცეპტებს გასცემდა. მან ოქსიდონის დაახლოებით მილიონი ტაბლეტი გაყიდა. ერთ ვიზიტში მირალიშვილი პაციენტებისგან 200-300 დოლარს იღებდა, ის ფაქტობრივად არანაირ გამოკვლევას არ ატარებდა და მხოლოდ ამ პრეპარატის გამოწერით შემოიფარგლებოდა.
„ფაქტობრივად, მოშე მირალიშვილი ექიმის ხალათს ამოფარებული ნარკოდილერი იყო“, – განაცხადა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის გენერალურმა პროკურორმა პრიტ ბხარარამ.
მირალიშვილის ადვოკატები მისთვის 3-წლიან პატიმრობას მოითხოვდნენ. მათი არგუმენტი ის იყო, რომ ოქსიდონის შეძენა თავისუფლად შეიძლება „შავ ბაზარზე“, ხოლო მისი რეცეპტის შეძენა ნიუ-იორკის ქუჩაში 2 700 დოლარად არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები