“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა დაკითხვა კვლავ დღის წესრიგშია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოუცხადებლობის მიუხედავად, მათი დაკითხვა კვლავ დღის წესრიგში დგას, – ამის შესახებ “კვირას” სუს-ში განუცხადეს.
,,გამოძიების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი სათანადო საპროცესო წესით დამაგრდა სისხლის სამართლის საქმეზე და მოწმის სახით დაბარებულნი იქნენ აუდიოჩანაწერში მოხსენებული საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებმაც საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე განაცხადეს უარი. ხსენებულ პირთა გამოუცხადებლობის მიუხედავად, მათი დაკითხვა კვლავ დგას დღის წესრიგში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას განაგრძნობს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით”, – განმარტეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
სუს-მა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე გუშინ, 18:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი, ხოლო დღეს უწყებამ დამატებით პარტიის სამი წევრი, პეტრე ცისკარიშვილი, გიგი წერეთელი და ირმა ნადირაშვილი დაიბარა. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე ამ დრომდე არ გამოცხადებულან.
გამოძიება სსკ 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები