ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი 18:00 საათზე დაკითხვაზე დაიბარეს

დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს.
„მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, დაინიშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები დაეგზავნა აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს. ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს 18:00 საათზე არიან დაბარებული. სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობები გაიგზავნება ყველა შესაბამის ქვეყანაში, გამოძიების ინტერესების მიხედვით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
დღეს ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერში, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი ფიგურირებენ.ისინი რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები