ზუგდიდი: ედიშერ თოლორაია – 42%3%, სანდრა რულოვსი – 31,2%

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს შორს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ედიშერ თოლორაია ლიდერობს. ასეთია „ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული შიდა კვლევის შედეგები, რომელიც „კვირამ“ კონფიდენციალურად მოიპოვა.
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი“ სანდრა რულოვსი მის ოპონენტს 11%-ით ჩამორჩება.
„ედიშერ თოლორაიას რეიტინგს, რომელიც კანდიდატად დასახელებამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, მის მიერ განვლილ პერიოდში განხორციელებული პროექტები და ამომრჩევლებთან უშუალო და პოზიტიური ურთიერთობები განაპირობებს“, – განმარტებულია კვლევის ანალიზში.
თოლორაიას რეიტინგი, კვლევის მიხედვით, რომელიც 13-დან 19 სექტემბრამდე ჩატარადა, 42,3%-ია. სანდრა რულოვსს მხარს უჭერს გამოკითხულთა 31,2 პროცენტი.
„სანდრა რულოვსის რეიტინგის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი მისი საზოგადოებრივი ცნობადობაა“, – აღნიშნულია კვლევის ანალიზში.
სხვა კანდიდატებს მხარს უჭერს გამოკითხული რესპონდენტების 9,5%. არც ერთი კანდიდატი მისაღები არ არის რესპონდენტების 5%-ისთვის, ხოლო 12% უარს აცხადებს (თავს იკავებს) საკუთარი რჩეულის დასახელებისგან.
კვლევის ანალიზში ასევე, აღნიშნულია, რომ ედიშერ თოლორაიას აქვს შანსი, პირველსავე ტურში დაამარცხოს კონკურენტი. იმ შემთხვევაში კი, თუ გაუნაწილებელი ხმების 100%-ს, რაც საარჩევნო პრაქტიკაში წარმოუდგენელია, სანდრა რულოვსი მიიღებს, მაშინ ზუგდიდში მეორე ტური გაიმართება. კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებში ასევე, “ქართული ოცნების” კანდიდატი ლაშა გოგია ლიდერობს, რომელიც თავის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან“ 22%-ით უსწრებს.
კვლევაში საარჩევნო გარემო მთლიანობაში პოზიტიურად არის შეფასებული. კვლევის ანალიზში ასევე, აღნიშნულია, რომ აბსოლუტურად მინიმალიზირებულია წინასაარჩევნო პერიოდში სახელისუფლებო რესურსის გამოყენება, ხოლო კანდიდატები ერთმანეთისადმი კორექტულობით გამოირჩევიან. კვლევის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გამოკითხულთა 73% აპირებს. კვლევაში 1230 რესპოდენტი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები