დავით უსუფაშვილი ქართველ მეწარმეებს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქართველ მეწარმეებს მიმართავს. უსუფაშვილი მეწარმეებს თხოვნით მიმართავს – აღარასოდეს გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი „პოლიტკორექტულობის“ გადმოსახედიდან, მიუხედავად იმისა, რამდენად „კორექტულადაა“ მოწოდებული „პოლიტიკურად სწორი“ გადაწყვეტილება.
პარლამენტის თავმჯდომარე მეწარმეებს მოუწოდებს, მივიდნენ არჩევნებზე 8 ოქტომბერს და აუცილებლად გააკეთონ თავისუფალი, პერსონალური არჩევანი.
„ვინ, თუ არა თქვენ, იცით თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის სრულიად გამორჩეული როლის შესახებ არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების, არამედ ზოგადკულტურული პროგრესის საქმეში! თუ არა სხვაზე უკეთესობის ამბიცია და თუ არა ამ ამბიციის მოქცევა სამართლიანობის ჩარჩოებში, მაშინ ჩვენ ყველანი ან ისევ გამოქვაბულებში ვიცხოვრებდით, ან ერთმანეთი დიდი ხნის ამოჟლეტილი გვეყოლებოდა…
ამასობაში, პოლიტიკაში ისევე აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია, როგორც ბიზნესში. არაკონკურენტული გარემო პოლიტიკურ სისტემასაც ისევე მიაქანებს ჭაობისკენ, როგორც ეკონომიკურ სისტემას. უკონკურენტოდ დარჩენილი ყველაზე უფრო კეთილშობილური პოლიტიკური ძალაც კი ისევე იწყებს უხარისხო, ძვირი და სახელმწიფოსთვის საშიში პოლიტიკური პროდუქტის წარმოებას, როგორც უკონკურენტოდ დარჩენილი ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტების მქონე პურის ქარხანა იწყებს უხარისხო, ძვირი და ჯანმრთელობისთვის საშიში პურის ცხობას. მეტიც, უკონკურენტოდ დარჩენილ პოლიტიკურ ძალას უკონკურენტო პურის ქარხნისგან განსხვავებით სხვა უბედურებებიც მოაქვს. იგი იწყებს კონკურენციის „ბაცილებთან“ ბრძოლას სხვა სფეროებშიც – ბიზნესში, მედიაში, სპორტში – იმის შიშით, რომ საზღვრები არ გადალახოს და პოლიტიკაშიც არ მოიკიდოს ფეხი. თანაც, მოგეხსენებათ, პურის ქარხნისგან განსხვავებით, უკონკურენტო პოლიტიკურ პარტიას მოზელილი ცომის ნაცვლად სახელმწიფო ძალაუფლებაზე აქვს ექსკლუზიური წვდომა და ამიტომ საკმაო წარმატებით უმკლავდება ხოლმე ამ „ბაცილას“, ანუ თავისუფლებას, საზოგადოებაში. თუმცა, რას გიყვებით, განა ერთად არ გავიარეთ ეს ყველაფერი?..
ჰოდა, იმისათვის, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც ყველამ გავიარეთ, გთხოვთ, აღარასოდეს გააკეთოთ პოლიტიკური არჩევანი „პოლიტკორექტულობის“ გადმოსახედიდან, მიუხედავად იმისა, რამდენად „კორექტულადაა“ მოწოდებული „პოლიტიკურად სწორი“ გადაწყვეტილება. გთხოვთ, აღარასოდეს შეუწყოთ ხელი უკონკურენტო ერთპარტიულობის დამკვიდრებას საქართველოში, თუნდაც ამ პარტიის სათავეებში საფლავებიდან წამომდგარ დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს, ილია ჭავჭავაძეს და ბიძინა ჩოლოყაშვილს ერთად ხედავდეთ. გთხოვთ, აუცილებლად მიბრძანდით არჩევნებზე 8 ოქტომბერს და აუცილებლად თქვენი თავისუფალი პერსონალური არჩევანი გააკეთეთ. გთხოვთ, მიეცით ხმა იმ პარტიას და იმ ლიდერს, ვინც ყველაზე უკეთ ეხმიანება არა თქვენს დღევანდელ ბიზნეს ინტერესებს, არამედ თქვენს ხვალინდელ მშობლურ ინტერესებს. გთხოვთ, მიეცით თქვენი ხმა ვისაც გინდათ, გნებავთ ბიძინას, გნებავთ მიშას, გნებავთ ირმას, გნებავთ ნებისმიერს, გარდა ჩემი და რესპუბლიკელებისა, ოღონდ ეს იყოს თქვენი თავისუფალი არჩევანი. გთხოვთ, იგივე გადაეცით თქვენი ოჯახის წევრებს, იგივე გადაეცით თქვენი საწარმოების თანამშრომლებს.
გთხოვთ, ყველას გადაეცით, რომ საქართველოში თავისუფლება უკვე შესაძლებელია და ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები