პრემიერი: არჩევნების მეორე დღიდანვე ძალიან მაღალი ტემპით გაგრძელდება ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა
“არჩევნების მეორე დღიდანვე ძალიან მაღალი ტემპით გაგრძელდება ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა, რომელიც დაწყებულია. სისწრაფე აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს რეგიონული უპირატესობები და კონკურენტუნარიანობა, რომელიც მას გააჩნია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წნორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ დღეს ადგილობრივ მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი წარუდგინა. გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული სიხარული გამოხატა წნორელებთან შეხვედრის გამო, სადაც, მისი თქმით, ბავშვობის წლები გაატარა.
“როდესაც მეკითხებიან სადაური ხარო, არასოდეს ვამბობ, რომ წარმოშობით ქიზიყელი ვარ, ყოველთვის ვამბობ: ქიზიყელი ვარ! ყოველთვის მიხარია, როცა აქ ჩამოვდივარ, ჩემთვის ყველაფერი ნაცნობი და ახლობელია აქ და ძალიან თბილი გრძნობა მეუფლება იმიტომ, რომ მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. ჩემთვის ძალიან ემოციურია აქ ყოფნა და მინდა, განსაკუთრებულად მოგეფეროთ და გამოვთქვა ჩემი სიყვარული და პატივისცემა ყველა თქვენგანის მიმართ,”-აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.
მთავრობის მეთაური წნორის მოსახლეობას განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ქვეყნის სამომავლო განვითარების უზრუნველსაყოფად.
“ორი კვირა გვაშორებს საპარლამენტო არჩევნებს, არჩევნებს, რომელმაც უნდა დაადასტუროს არის თუ არა ის გზა სწორი, რა გზითაც ჩვენ მივდივართ. არჩევნებს, რომელმაც უნდა კიდევ ერთხელ განსაზღვროს საქართველოს მომავალი ოთხი წელი. არჩევნებს, რომელზეც ჩვენ მივდივართ პირნათელნი,”-განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით.
“დღეს არის საფუძველი იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სწრაფი ნაბიჯებით შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა, უპირველეს პრიორიტეტად გამოვაცხადოთ განათლება, კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ ჩვენი პედაგოგები…და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ დაპირისპირება ერთმანეთში და მეტი სიყვარულით, მეტი მომავლის რწმენით გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება,”-აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მომდევნო 4 წელიწადში უნდა დასრულდეს ქვეყნის სატრანზიტო ინფრასტრუქტურა. “მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი. სარფიდან არა მარტო წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით, არამედ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით გამავალი ჩქაროსნული მაგისტრალი. იმისათვის, რომ კახეთმა დაიბრუნოს ის სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა.ეს არის აუცილებელი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეკონომიკის განსავითარებლად და იმისათვის, რომ ქვეყანა მოძლიერდეს. აუცილებელი იქნება ტურისტული მიმართულებებით ევროპული სტანდარტის გზების გაყვანა, აუცილებელი იქნება ის, რაც ჩვენ დავიწყეთ- მცირე სასტუმროების ქსელების, საოჯახო სასტუმროების ქსელის განვითარების პროგრამა. ყველა ოჯახს უნდა შეეძლოს რამდენიმე ტურისტის მიღება მაინც, ვისაც ამის სურვილი ექნება. ჩვენს ქვეყანაში დამწყებ ბიზნესმენს, ახალგაზრდას, რომელსაც გააჩნია იმის ნიჭი, რომ ახალი ბიზნესი წამოიწყოს, მშობლების ქონების დაგირავების გარეშე უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს ,”-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.