მამუკა ჩოქური: არ მინდა, რომ „ხრუშოვკების“ პრობლემა წინასაარჩევნოდ მანიპულაციის საკითხი გახდეს

სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი, სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შიხიაშვილის შტაბის ხელმძღვანელი მამუკა ჩოქური „ხრუშოვკების” პრობლემაზე და მის მოსაგვარებლად შემუშავებულ იმ პროექტზე საუბრობს, რომელიც მისი გამგებლის პოსტზე ყოფნის დროს უცხოელ ინვესტორებთან ერთად შეიმუშავა. როგორ მამუკა ჩოქურმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას და მის გუნდს ჰქონდათ შემუშავებული გეგმა, რომელიც სამგორის რაიონში „ხრუშოვკების” პრობლემას მოაგვარებდა, შემდეგ კი აღნიშნული პროექტი მთელ ქალაქზე გავრცელდებოდა. თუმცა, მისივე თქმით, საკითხის განხილვა დედაქალაქის მერიასთან ერთ წელზე მეტ ხანს გაიწელა და პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.

„ჩემი გამგებლობის პერიოდში, 2014 წლიდან, ძირფესვიანად შევისწავლეთ მდგომარეობა სამგორის რაიონში და დავინახეთ ის რეალური საშიშროება და პრობლემები, რასაც ჰქვია ამ რაიონში განთავსებული ავარიული კორპუსები – „ხრუშოვკები”.

სანამ გამგებელი გავხდებოდი, ჩემი მეგობარი და დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი იყო საკრებულოს თავმჯდომარე და იმ დროიდან ძალიან დეტალურად იქნა შესწავლილი ქალაქში ამ სახლების მდგომარეობა. დაიდო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ნათელი გახდა სურათი, რომ თუ დროულად არ ეშველება ამ კორპუსებს, შეიძლება ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს დედაქალაქი.

2014 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ამ საკითხზე. დავამუშავეთ კიდევ რამდენიმე საპილოტე ვარიანტი და მოვიზიდეთ ინვესტორები, რომლებმაც, თავის მხრივ, შეისწავლეს პრობლემა სრულად და დადეს თავიანთი პროექტი და კონცეფცია. ამ პროექტის მიხედვით, იწყებოდა უზარმაზარი სასიკეთო ძვრები ქალაქის მასშტაბით. კონკრეტულად სამგორის მესამე მასივში გაკეთდებოდა საპილოტე პროექტი, რომელიც გამოათავისუფლებდა ბიუჯეტს ტყუილად გადაყრილი თანხებისგან, რომლებიც დაზიანებული „ხრუშოვკებიდან” გამოსახლებული მოქალაქეების ქირით გაყვანაში იხარჯება. პროექტის მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყებოდა „ხრუშოვკების” ჩანაცვლება ახალი, საკმაოდ კარგად გაკეთებული ბინებით. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, „ხრუშოვკების” პრობლემის მოგვარება ერთხელ და სამუდამოდ დაიწყებოდა.

თბილისის მერიაში ინვესტორებთან ერთად გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია. ყველაფერი შევათანხმეთ ხელმძღვანელ პირებთან. მათი მხრიდან პროექტი დადებითად შეფასდა, თუმცა, სამწუხაროდ, მთელი წლის მანძილზე არ დაადგა საშველი პროექტის დაწყებას. არადა, ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლებოდა.

პროექტის განხორციელების ფარგლებში, ბიუჯეტიდან თანხის გაღება საჭირო არ იყო. ეს იყო გარედან შემოსული საინვესტიციო თანხა”, – განაცხადა მამუკა ჩოქურმა და აქვე აღნიშნული პროექტის დადებით მხარეებზე გაამახვილა ყურადღება.

„ქირით გაყვანილი ადამიანები, რომლებიც შეწუხებულები არიან, რადგან გაურკვეველია მათი მდგომარეობა და მათი სამომავლო ბედი, დაბინავდებოდნენ. ამ პროექტის დაწყებით, ამ ადამიანების კითხვებს მაინც გაეცემოდა პასუხი და კონკრეტული ვადები გვეცოდინებოდა, თუ როდის ექნებოდათ მათ საკუთარი სახლ-კარი.

როდესაც ასეთი მასშტაბური მშენებლობა იწყება ქალაქში, ძალიან ბევრ ბიზნესს იბამს თან. ეკონომიკის განვითარება და შემოსავლების ზრდა ყოველთთვის დამოკიდებულია შიდა წარმოებასთან, შიდა სამუშაო ადგილებთან. ამ პროექტის ფარგლებში, იქმნებოდა 1000 სამუშაო ადგილი.

მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში, ბიუჯეტში დამატებით შედიოდა 14 მილიონი ლარი”, – განაცხადა მამუკა ჩოქურმა.

მამუკა ჩოქურის ინფორმაციით, დღესდღეობით მერიაში აღნიშნული პროექტის განხილვა განახლდა და საქმე ნელ-ნელა წინ მიიწევს.

თუმცა, მისივე თქმით, „ხრუშოვკების” ჩანაცვლების პროექტი წინასაარჩევნოდ მანიპულაციის თემად არ უნდა იქცეს და მერიამ უმოკლეს ვადაში მოსახლეობას უნდა წარუდგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როდის და რა ვადებში აპირებს დედაქალაქში „ხრუშოვკების” პრობლემის მოგვარებას.

„დღეს შემიძლია ერთი რამ ვთქვა – დაიძრა მკვდარი წერტილიდან ეს საქმე. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი და გამარჯვების ტოლფასია. მერიამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და მინდა, ამის გამო დიდი მადლიერება და კმაყოფილება გამოვთქვა. მაგრამ, აქ არის ერთი კონკრეტული საკითხი გასათვალისწინებელი – ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ეს გახდეს წინასაარჩევნოდ მანიპულაციის თემა.

მე წავიკითხე ბატონი ჯაბა სამუშიას განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ „ხრუშოვკების” ჩანაცვლება ვაჟა-ფშაველაზეც დაიწყება. მინდა, მოვითხოვო და ვთხოვ მერიას, რომ მეტი კონკრეტიკა იყოს. მხოლოდ სურვილის დონეზე არ უნდა დარჩეს ეს ყველაფერი და რეალურად უნდა დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება. ვიცი, რომ ამ წუთში მუშავდება ის პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა დაწყებული.

თუკი მერია რეალურად აპირებს ამ ნაბიჯების გადადგმას, უნდა გამოვიდნენ მერიის კონკრეტული სამსახურების ხელმძღვანელები და წარმოადგინონ კონკრეტული პროექტი, აუხსნან მოსახლეობას, თუ რა და როგორ მოხდება. ეს ყველაფერი საზოგადოებას ძალიან სწორად უნდა მიეწოდოს.

მიკვირს, თუკი პროექტი დასაწყებად მზად არის, რატომ არ აგებინებს ამას ქალაქის მერია საზოგადოებას, რადგან ასეთი მასშტაბური თემა აქამდე ქალაქის არც ერთ მთავრობას არ დაუწყია. ძალიან დიდი იმედით ველოდები ქალაქის მერიისგან განცხადებას, როდის აპირებენ კონკრეტული პროექტის გასაჯაროებას და იმ ადამიანების საქმის კურსში ჩაყენებას, რომლებიც წლების მანძილზე ამ ცვლილებებს ელოდებიან”, – განაცხადა მამუკა ჩოქურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები