გიორგი კვირიკაშვილმა და დავით სერგეენკომ დედოფლისწყაროში მრავალპროფილიანი კლინიკა გახსნეს
დედოფლისწყაროში 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალაშენებული საავადმყოფო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, დაათვალიერა.
დავით სერგეენკოს განმარტებით, ახალი სამედიცინო დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
კლინიკაში იფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც ყველა ტიპის ანალიზის გაკეთება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, დედოფლისწყაროს კლინიკაში ძირითადად დასაქმდნენ ექიმები, რომლებსაც ამ დრომდე ძველ, ამორტიზებულ შენობაში უწევდათ მუშაობა, მიმდინარეობს ახალი კადრების შერჩევაც. სამედიცინო პერსონალს ტრენინგები ჩაუტარდა .
პრემიერ-მინისტრმა კლინიკის თანამშრომლებს ახალ, თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გაგრძელება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ კლინიკა დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე სოფლების მცხოვრებლებს მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
სამედიცინო დაწესებულება ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ამ პროგრამით მოსარგებლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან როგორც გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ისე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურებით.
კლინიკა სახელმწიფო ხარჯებით აშენდა, სულ მშენებლობაზე 3 525 000 ლარი დაიხარჯა.