„როიტერი“ – ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება „ნაკლებად სავარაუდოა“

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა საქართველოს სავიზო რეჟიმი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გაუუქმოს, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ივნისში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება გერმანიამ დაბლოკა და ეს გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შემოღების აუცილებლობით ახსნა. ბერლინის ამ პოზიციას მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა და იტალიამ.
„მას შემდეგ, რაც გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში 1,3 მილიონამდე მიგრანტი ჩავიდა, ევროპელებს სულ უფრო მეტად ეშინიათ მიგრაციის ახალი ნაკადის“, – წერს „როიტერი“.
„მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნები თანხმდებიან, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა, მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროპარლამენტს შორის „შეჩერების მექანიზმის“ თაობაზე ჩიხში შევიდა“, – წერს სააგენტო „როიტერი“.
სააგენტოს ცნობით, ევროპელ პარლამენტარებს სურთ, რომ „შეჩერების მექანიზმის“ შემოღებაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხში მეტი ძალაუფლება ჰქონდეთ. ამას კი ევროპელი ლიდერები ეწინააღმდეგებიან.
„ზოგიერთი წევრი სახელმწიფო აცხადებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას მხარს უჭერს, მაგრამ რეალურად სხვანაირად მოქმედებს“, – განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.
კიდევ ერთი წყაროს ცნობით, ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმების მიღწევა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე „ნაკლებად არის შესაძლებელი“. „როიტერის“ ინფორმაციით, საქართველოს ოპოზიციური ძალები მმართველ პარტიას საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები