“ისინი, ვინც ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ, ვერ ბედავენ პროფესიონალებთან საუბარს”

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ექსპერტები, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკას, ვერ ბედავენ პროფესიონალებთან საუბარს და ეკონომიკურ ფორუმს არ ესწრებიან.
აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინიტრმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ორგანიზაცია “მოქალაქის” ინიციატივით გამართული ფორუმის, “ეკონომიკური განვითარება – მიღწევები და პერსპექტივების” დაწყებამდე გააკეთა.
“პერსონალურად დაპატიჟეს გოცირიძე და მისთანანი, ვინც ექსპერტობას იბრალებენ, თუმცა ისინი ფორუმზე არ მოვიდნენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ რომან გოცირიძემ დღეს თავად დაპატიჟა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ასევე ეკონომიკურ ფორუმზე, ბიძინა ივანიშვილის თქმით, რომან გოცირიძემ ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა.
“კვირიკაშვილის ინიციატივა იყო, არ ვიცი რამდენმა მოაწერა ხელი, რომ ერთი პარტიის ღონისძიებაზე მეორე პარტიის წარმომადგენლები არ მივიდნენ და დებოში არ ატეხონ. ახლა გოცირიძემ ეს ხერხი იხმარა და ფორუმს ფორუმი დაუპირისპირა. ის ერთი-ორჯერ შემოძვრა აქ, რომ ნახა მე ვიყავი, იმ წუთას გაიპარა. ვერავითარი გამოსვლა ვერ მოახერხა. გარეთ გააკეთა კომენტარი, შიგნით – არა. ბიზნესთან ამას ვერ ბედავს, პროფესიონალებთან და ცდილობს, რომ ხალხი, რომელსაც ეკონომიკური განათლება არ აქვს, სიბნელეში ამყოფოს. მისი ყველა გამოსვლა სიცრუეზეა დაფუძნებული.
დღევანდელი ტრიუკი თუ ასეა, რომ თითონ დაიწყო ფორუმის დაფუძნება არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, მხოლოდ სასაცილოა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს უპასუხისმგებლო ხალხი ცდილობს, ადამიანებს, რომლებსაც დღეს მართლა უჭირთ საქართველოში – და ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია, თუმცა ამაში არ არის ხელისუფლების დანაშაული, ეს ჩვენი ხვედრია ბოლო წლების, ათწლეულების განმავლობაში – ამ ხალხს დაანახონ, ეს ყველაფერი მთავრობას დააბრალონ და ამით პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ. ამას ვერ ახერხებენ და აქ ვერ მოდიან, რადგან არ აქვთ სათქმელი” , – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის ლაკმუსის ქაღალდი, რომ მთავრობის ეკონომიკური სტრატეგია არის სწორი, პატარა გადაცდომები შეიძლება ყველას მოუვიდეს, თუმცა ძირითადი სტრატეგია და მიმართულება სწორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები