ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს – „საკმარისად აქტიურობთ?“

„საკმარისად აქტიურობთ?” – ამ კითხვით მიმართა საზოგადოება „მოქალაქის“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე მოწვეულ ბიზნესმენებს, ეკონომიკის საკითხებში ექსპერტებს და სპეციალისტებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მას ამ კითხვით მათთვის არასდროს მიუმართავს.
„საკმარისია თქვენი როლი და თქვენი წვლილი, რომ საზოგადოებას აუხსნათ მთავრობის ეკონომიკური მიღწევები?”- კითხულობს ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილმა ფორუმის დაწყებამდე განაცხადა, რომ ღონისძიების მოწვევის აზრი, პირველ რიგში, არის ის, რომ საზოგადოებას განემარტოს თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკური მიმართულებით.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ფორუმზე მყოფ დამსწრე საზოგადოებას საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციაც გაახსენა. მისი თქმით, მაშინ საფრანგეთში რევოლუცია, სწორედ ვაჭრებმა მოახდინეს.
„2012 წელს, როდესაც არჩევნები ჩატარდა და მანამდე, 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, არასდროს არ მომიკითხავს ბიზნესი და არასდროს არ დამისვამს მსგავსი შეკითხვა, ბიზნესმენებთან – თუ რას აკეთებს ბიზნესი? რამეთუ გარკვეული მიზეზების გამო, გაგებით ვეკიდებოდი. დღეს მინდა ეს კითხვა დავსვა და თითოეულმა თქვენგანმა ჩაიხედეთ თქვენს თავში, რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს? რამდენად ცდილობთ, რომ განუმარტოთ თქვენს თანამშრომლებს, ან უფრო ფართო საზოგადოებასაც, ის გარდაქმნები, თუ რა შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში ოთხი წლის განმავლობაში. ან თუ თქვენ თვლით, რომ არაფერიც არ მომხდარა, ალბათ, მოგეცემათ საშუალება დღეს გამოსვლებით ეს აღნიშნოთ.
მე შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუცია ვაჭრებმა მოახდინეს, ბიზნესმა, სწორედ მათ, ვისაც ქონება ჰქონდა და თავისუფლება მეტად სწყუროდა. პატივმოყვარეობამ გაიღვიძა მათში, ისინი იყვნენ ყველაზე აქტიურნი. ასრულებთ თქვენ ამ როლს დღეს? როგორც მოქალაქე, გისვამთ კითხვას – საკმარისად აქტიურობთ? საკმარისია თქვენი როლი და თქვენი წვლილი? არაფრის მქონე მოსახლეობას – საქართველოში ძალიან ბევრი გაჭირვებულია- ვცდილობ თითებით ავუხსნა,  თუ რა გაკეთდა ეკონიმიკური მიმართულებით ქვეყანაში ამ ოთხი წლის განმავლობაში. ჩემი რეგიონებში ვიზიტები ძირითად ამას ემსახურება. მახსოვს კახეთში, ჟურნალისტები ჩამეკითხნენ თუ რატომ ვხვდები მედიას წინასაარჩევნო პერიოდში. ავუხსენი, რომ საზოგადოებას მოთმინებისკენ მოვუწოდებ, იმიტომ, რომ ის ხალხი, რომელიც გაჭირვებული იყო, იმავე მდგომარეობაში არიან ამ ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ ძალიან მიჭირს, ავუხსნა საზოგადოებას მთავრობის როლი, ძალიან მიჭირს… კაცს, რომელსაც არ ჰქონდა სამსახური და არ აქვს დღესაც – არადა, ასეთები არიან ძალიან ბევრი – როგორც არ ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სამსახურები, ისე არ გააჩნიათ დღესაც. შესაბამისად, შემოსავალიც მნიშვნელოვნად არ გაზრდიათ ან საერთოდ არ გაზრდია ძალიან ბევრს.
იმის გათვალისწინებით კიდევ, რომ 2012 წლის არჩევნების პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სოციალურად დაუცველთა დახმარებები ნახევარი მილიონით გაიზარდა და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სოციალურად დაუცველთა სტატუსის მქონე ინდექსები გადაიხედა, მართალია სოციალურად დაუცველთათვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ცალკეული ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წლის არჩევნების პერიოდში იღებდნენ სოციალურ დახმარებას, მაგრამ შემდგომ აღარ მიიღეს. არიან ისეთებიც, რომლებმაც საერთოდ დაკარგეს. ასეთ ადამიანებს უჭირთ ინდექსების გაგება. მათ აქვთ მხოლოდ ერთი პასუხი, რომ დახმარება ჰქონდათ და ახლა აღარ აქვთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები