ივანე მერაბიშვილის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვალერი გელაშვილის ცემის საქმესთან დაკავშირებით, ივანე მერაბიშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ივანე მერაბიშვილის ინტერესების დამცველები ფორმალურად ყველა სამართლებრივ პროცედურას დაიცავენ და შესაბამისად, განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ, თუმცა მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ ეს რაიმე შედეგს მოიტანს.
”არც ამ ინსტანციაში გვქონია რაიმე მოლოდინი. ჩვენ საერთო სასამართლოებს დიდი ხანია უნდობლობა გამოვუცხადეთ. ყველაზე მთავარი ჩვენთვის არა ეს განაჩენი, არამედ ის არის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილი ცნო როგორც პოლიტიკური პატიმარი. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია. ხელისუფლება, ბუნებრივია, ყველანაირად ცდილობს გადაფაროს ყველაფერი ამგვარი განაჩენებით, ახალი ბრალდებით. ეს არ არის ახალი. 4 წელია გრძელდება და ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, მაგრამ მერწმუნეთ, უახლოეს პერიოდში ხელისუფლება იძულებული იქნება სტრასბურგიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე აღიაროს, რომ ვანო მერაბიშვილის სახით პოლიტიკური პატიმარი ჰყავს”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ საქმეში მხოლოდ 2 ადამიანი იყო, ვინც უშუალოდ ვანო მერაბიშვილს ახსენებდა და ესენი არიან ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
”ირაკლი ოქრუაშვილიც და ნინო ბურჯანაძეც საჯაროდ აცხადებდნენ, რომ არ გაუშვებდნენ შანსს ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებზე შური ეძიათ“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ სამივე ბრალდებული – შს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე დამნაშავედ ცნო.
მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა შეეფარდა. კოდუას და სირაძეს კი 9-9-წლიანი პატიმრობა და ასევე 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.