“ივლისის ხელფასი აგვისტოს ბოლოს მივიღეთ, აგვისტო ნაკლებად აქტიური თვე იყო და არავის უმუშავია” – რას აცხადებენ ბურჭულაძის პარტიაში
გავრცელებული ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია
“სახელმწიფო ხალხისთვის” ხელფასის გაუცემლობის გამო, წყალტუბოში 30-მდე ადამიანმა დატოვა, წყალტუბოს შტაბის უფროსმა, ნუგზარ გოგიძემ არ დაადასტურა.
როგორც “კვირას” გოგიძემ განუცხადა, მან ივლისის თვის ხელფასი აგვისტოს ბოლოს მიიღო, ხოლო აგვისტოს თვის ხელფასს საერთოდ ვერ მიიღებენ.
“ივლისის თვის ხელფასი აგვისტოს ბოლოს მივიღეთ, აგვისტო ნაკლებად აქტიური თვე იყო და არავის უმუშავია, შესაბამისად, აგვისტოს ხელფასს არც ველოდებით, ხოლო სექტემბერში შტაბის წევრები კვლავ აქტიურად მუშაობენ და ხელფასს სექტემბრის ბოლოს მივიღებთ. რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია 30 -მდე ადამიანმა დატოვა, ტყუილია. ასე ავრცელებენ ჭორებს” , – აცხადებს ნუგზარ გოგიძე.
მისი თქმით, პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” წყალტუბოს შტაბში 7 წევრია, 170-მდე აგიტატორი და 67 – საუბნოს უფროსი.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” წყალტუბოს შტაბი 30-მდე ადამიანმა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, შტაბიდან წასულები აცხადებენ, რომ იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ისინი უანგაროდ ასრულებდნენ, ხელფასს არ უხდიდნენ და არც დაფასება ჰქონდათ. გარდა ამისა, მათი თქმით, ბოლო პერიოდში პარტიაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გაწევრიანდნენ, რაც მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.