მიხეილ ჯანელიძე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ინდოეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ინდოეთის მთავრობის სურვილს საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძისა და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფო მინისტრის, მობაშარ ჯავიდ აკბარის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობის დადებითი დინამიკა. ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს აგვისტოში თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე გამართული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები და საქართველო-ინდოეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სესია, თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები, როგორც ვაჭრობის, ისე ინვესტიციების, ტრანსპორტის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.
ინდოეთის სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი მიღწევები, ეკონომიკური რეფორმებისა და ბიზნეს საქმიანობის თვალსაზრისით. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის პოზიტიური ტენდენცია, განსაკუთრებით აღინიშნა კინოინდუსტრიის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და ინვესტიციების მზარდი პოტენციალი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე. ინდოეთის სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში.
მხარეებმა ასევე განიხილეს განათლებისა და კულტურის სფეროებში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებისთვის, მათ შორის, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის გზით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ინდოეთის მთავრობის სურვილს საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე.