გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას
“ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას და გააუქმებს 21-ე საუკუნეში არსებულ „გლინიკეს ხიდის“ თანამედროვე ვერსიას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნულ კონტექსტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა.
“ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას და გააუქმებს 21-ე საუკუნეში არსებულ „გლინიკეს ხიდის“ თანამედროვე ვერსიას, რომლის შედეგიცაა ჩვენი ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია და ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის ერთმანეთისგან დაშორება. ერთი წლის წინ გაეროს წევრებმა მიიღეს მსოფლიოს გაუმჯობესების უნივერსალური გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაისახა 2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარების 17 მიზანი.
2030 წლის ეს რევოლუციური დღის წესრიგი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას: მიუხედავად ათასწლეულის განვითარების მიზნების ფენომენალური გეგმისა, ჩვენ, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, არ აღმოვჩნდით სათანადო სიმაღლეზე მისი განხორციელების კუთხით. მისასალმებელია, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდგრადი განვითარების მიზნების გარდამქმნელ ძალას. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ მომდევნო 15 წელიწადში თუ ჩვიდმეტივე მიზანს არა, მათ უმრავლესობას მაინც მივაღწიოთ. ამის მისაღწევად კი ჩვენ წარმატებული უნდა ვიყოთ ეროვნულ დონეზე და, ამავე დროს, სხვებსაც დავეხმაროთ თავიანთი ადგილობრივი მიზნების მიღწევაში. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მიზნები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, განვითარების ხელშეწყობის გზით და პირიქით. ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა გამოიხატოს ეროვნულ დონეზე ეს მიზნები კონკრეტულ მოქმედებაში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა რეფორმების ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმის შესახებაც ისაუბრა .
მისი თქმით, სამოქმედო გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია.
„წელს ჩვენ დავიწყეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება, ასევე, რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას. გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მქონე ეფექტიანი მმართველობა არსებითია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისა და მდგრადი განვითარებისთვის. ჩვენ შევჩერდით მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე და პრიორიტეტად დავისახეთ ეფექტიანი მმართველობა, რითაც მკვეთრად გავემიჯნეთ წარსულს. ორი დღის წინ ჩემმა ქვეყანამ, ესტონეთთან, კორეის რესპუბლიკასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, უმასპინძლა მაღალი რანგის სპეციალურ ღონისძიებას, რომელზეც ერთმანეთს გავუზიარეთ მდგრადი განვითარების მე-16 მიზანთან დაკავშირებული წარმატების მაგალითები“, -აღნიშნა პრემიერმა.