პრემიერი: ვამაყობ, რომ გაერო-ში საქართველოს სახელით გამოვდივარ

25 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო განუხრელად იცავს გაეროს ღირებულებებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან საქართველო ჩამოყალიბდა დინამიკურ ევროპულ სახელმწიფოდ.
„ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო კოლეგებო, პატივცემულო სტუმრებო, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემთვის ძალიან საპატიოა გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა. 25 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო განუხრელად იცავს გაეროს ღირებულებებს. თავის მხრივ, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე გაერო ყოველთვის იყო და არის საქართველოს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოს, ნამდვილი პარტნიორი. 25 წლის წინ ცოტას თუ წარმოედგინა, რომ დღევანდელობა ასეთი იქნებოდა. სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან საქართველო ჩამოყალიბდა დინამიკურ ევროპულ სახელმწიფოდ. ჩვენ დიდ წინსვლას მივაღწიეთ ძლიერი და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე და უზრუნველვყავი:. თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება; თავისუფალი მედია; თავისუფალი ბაზარი; საზოგადოების ერთიანობა; 5. კანონის უზენაესობა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ეკონომიკის თავისუფლების მხრივ საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში, რაც უზრუნველყოფს ღიაობას და გლობალურ ბაზრებში ინტეგრაციას, ასევე საქართველოში ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის თანასწორ შესაძლებლობებს. ივლისში საქართველო გახდა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიები, ინსტიტუტები და საბაზრო ნორმები უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ ვართ ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა, რომელსაც აკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა ალიანსთან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის მთავრობამ, ევროკავშირმა და ნატომ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებაშია. თავისი არსით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს მტკიცე, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ჩამოყალიბებას ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და მის ფარგლებს გარეთ. ხალხის მიერ არჩეულ ამ გზას მივყავართ სტაბილურობისკენ, უსაფრთხოებისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, ჩვენს ქვეყანასა და მთელს რეგიონში. მეორეს მხრივ, მუშაობის პროცესი მუდმივად ვითარდება. დღეს ჩვენ ახალ ათასწლეულში დიდი წარმატებების მისაღწევად ვემზადებით. ჩვენ ვაშენებთ ინოვაციებზე დაფუძნებულ საზოგადოებას, რომლის ყველა თაობის წარმომადგენლები მომავალს იმედის თვალით უყურებენ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები